რუსეთი-ჩინეთი

Telegraph: ჩინეთი რუსეთს ვერტმფრენებით, დრონებითა და ლითონებით ამარაგებს

The Telegraph

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ჩინეთი რუსეთს ვერტმფრენებით, დრონებითა და თავდაცვის ინდუსტრიაში გამოყენებადი ლითონებით შეიარაღებაში ეხმარება.

რუსულმა ფირმებმა, რომლებიც სარაკეტო დანადგარებს, ჯავშანტექნიკასა და სტრატეგიულ ბომბდამშენებს აწარმოებენ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთიდან ათიათასობით ტვირთი მიიღეს. კომპანიებს შორის დასავლეთის მიერ სანქცირებულებიც არიან.

გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობამ 2023 წელს 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ახალი რეკორდია, იმის პარალელურად, რომ ჩინეთის ექსპორტი სხვა ქვეყნებში მნიშვნელოვნად შემცირდა.

იმ საქონლის ექსპორტი, რომელიც პოტენციურად, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას სამხედრო სფეროში,  2023 წლის ივნისიდან 2023 წლის ივნისამდე სამჯერ გაიზარდა.

"ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩინეთი, რომელიც ამტკიცებს, რომ ნეიტრალური რჩება, ცდილობს თავი დაიმკვიდროს, როგორც მთავარი სამშვიდობო შუამავალი მოლაპარაკებებში, რომელსაც კონფლიქტის დასრულება სურს." - წერს Telegraph.

საქონელი, რომელსაც ჩინეთი რუსეთს აწვდის ორმაგი დანიშნულებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ სამოქალაქო დანიშნულებაც. ეს ჩინეთს საშუალებას აძლევს, გადალახოს საერთაშორისო სანქციები და თქვას, რომ რუსეთთან მხოლოდ ლეგალურად ვაჭრობს.

მეტიც, კვლევითი ორგანიზაციის, Molfar Global-ის მიერ შედგენილი მონაცემების მიხედვით, ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ, Shantou Honghu Plastics-მა ომამდე ორი თვით ადრე რუსეთში 1000 დრონი გაგზავნა. Shantou Honghu Plastics-ს საკუთარ ვებსაიტზე უწერია, რომ კომპანია საბავშვო სათამაშოებით ბითუმად მოვაჭრეა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ ჩინურმა კომპანიამ, Hems999-მა რუსეთში ორი ვერტმფრენი გაგზავნა. კიდევ ერთმა ფირმამ, Tianjin Huarong Aviation-მა ომის დაწყებიდან რუსეთს ოთხი Airbus-ის ტიპის ვერტმფრენი გადასცა. აღნიშნული ტექნიკა რუსეთი მიიღო რუსულმა კომპანიამ, Ural Helicopter-მა, რომლის მთავარი დამკვეთი ეროვნული გვარდიაა.

გამოცემა ასევე წერს, რომ ჩინურმა ფირმებმა 50-ზე მეტ რუსულ კომპანიას 2022 წლის დასაწყისიდან 2023 წლის პირველ კვარტალამდე ოპტიკური სამიზნეები გაუგზავნეს. პროდუქციის იმპორტი წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 2.5 მილიონი დოლარი შეადგინა.

გამოცემის ინცორმაციით,ჩინეთს რუსეთისთვის ნედლეულის მიწოდება მესამე ქვეყნების მეშვეობითაც შეუძლია. გავრცელებული ინფორმაციით, პეკინი და მოსკოვი ირანთან ამონიუმის პერქლორატის მიწოდებაზე ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ესაა ქიმიური შენაერთი, რომელიც გამოიყენება ბალისტიკური რაკეტების სტარტისთვის. თუ ეს გარიგება დაიდება, ის ოფიციალურ სავაჭრო რეესტრებში არ გამოჩნდება.

ამასთან, ჩინეთმა 2022 წელს რუსეთში 18 მილიონი დოლარის ტიტანის შენადნობის პროდუქცია გაიტანა, რაც 2021 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია. ტიტანის შენადნობი სამხედრო თვითმფრინავებისა და იარაღის წარმოებისთვის აუცილებელი მასალაა.

კომენტარები