ვაგნერი

შესაძლოა, ვაგნერს კრემლის ნაცვლად ბელარუსი აფინანსებს – ბრიტანეთის თავდაცვა

ვაგნერის მებრძოლები რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში, სამხედრო ოლქის შტაბ-ბინასთან განლაგებისას სურათს იღებენ, 2023 წლის 24 ივნისი.
Reuters

როგორც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია, არსებობს "რეალური შესაძლებლობა", რომ რუსეთი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის საქმიანობას აღარ აფინანსებს.

"თუკი რუსეთის სახელმწიფო აღარ უხდის ვაგნერს, მეორე ყველაზე დამაჯერებელი დამფინანსებელი ბელარუსის ხელისუფლებაა." - წერია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, კრემლის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის შედეგად, ვაგნერის ჯგუფი დაიწყებს "ზომის შემცირებისა და რეკონფიგურაციის პროცესს, რათა ფინანსური ზეწოლის დროს დაზოგოს პერსონალის ხელფასი."

შეგახსენებთ, რომ წარუმატებელი აჯანყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ევგენი პრიგოჟინსა და ვაგნერს ბელარუსში გადასვლა შესთავაზა.

ვაგნერის ბელარუსში გადასვლამ პოლონეთი აიძულა, რომ საზღვარზე კონტროლი გაემკაცრებინა.

ბელარუსის სოფელ ზიაბრავკასთან, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს, ვაგნერის მებრძოლებისთვის საცხოვრებელი კარვების ქალაქი შენდება. ქალაქში დაახლოებით 1000 მებრძოლი განთავსდება. 

ინფორმაციას ზიაბრავკასთან ვაგნერელების კარვების ქალაქის მშენებლობის შესახებ უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი (NRC) ავრცელებს. მათი ვარაუდით, ვაგნერელების ბანაკი მომავალში დივერსიების მოწყობისთვის იქნება გამოყენებული. აღნიშნული კარვების საცხოვრებელი ბანაკი ჩერნიხოვის ოლქს ესაზღვრება. 

ამჟამად პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე 2 000 ჯარისკაცი მსახურობს 5 000 სასაზღვრო მცველთან ერთად. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე პოლონეთში ბელარუსის საზღვრიდან მიგრაციის წნეხი დიდი იყო, რის გამოც პოლონეთმა 5.5 მეტრის სიმაღლის სასაზღვრო ღობე ააშენა. 

კომენტარები