ინდოეთი

ინდოეთის კოსმოსური მისია მთვარის ზედაპირის ფოტოებს აგზავნის

ISRO

ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაციის (ISRO) მიერ გაგზავნილი კოსმოსური მისია Chandrayaan-3 მთვარის ზედაპირის ახალ ფოტოებს აგზავნის.

ინდური ხომალდი დედამიწის გარშემო 10-დღიანი ბრუნვის შემდგომ, მთვარის ორბიტაში 5 აგვისტოს შევიდა. 

გამოქვეყნებულ სურათებში მთვარის ზედაპირზე არსებული კრატერები ახლო ხედით ჩანს. 

თუ ინდოეთი მისიის წარმატებით დასრულებას შეძლებს, ის გახდება პირველი ქვეყანა, რომლის მისიაც მთვარის ნაკლებად შესწავლილ სამხრეთ პოლუსის რეგიონში დაეშვება. ასევე, ის აშშ-ს, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის შემდეგ მეოთხე ქვეყანა იქნება, რომელმაც დედამიწის თანამგზავრზე ხომალდი დასვა.

მისია Chandrayaan-2 კოსმოსში 2019 წლის ივლისში გაუშვეს, თუმცა, ის მხოლოდ ნაწილობრივ წარმატებული გამოდგა. მისი ორბიტული მფრინავი აპარატი დღესაც აგრძელებს მთვარის ირგვლივ ბრუნვასა და მის შესწავლას, თუმცა, ხომალდმა მთვარეზე რბილად დაშვება ვერ შეძლო.

ISRO მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ ხომალდი მწყობრშია და მისი მთვარის ზედაპირზე დასმა 23 აგვისტოს იგეგმება. დაჯდომისთანავე ხომალდიდან ავტომატურად გამოყოფილი მთვარემავალი დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან მასალებს შეაგროვებს, რათა შემდეგ ის დედამიწაზე ანალიზისთვის გამოიგზავნოს.

კომენტარები