რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპი ფრანცისკე რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისკენ მოუწოდებს

REUTERS/Yara Nardi

30 ივლისს პაპმა ფრანცისკემ რუსეთს მოუწოდა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება აღადგინოს, რათა შესაძლებელლი იყოს უკრაინის მარცვლეულის საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტი და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გაუარესებული სურსათის მიწოდების გლობალური შეფერხების შემსუბუქება.

"არ შევწყვიტოთ ლოცვა დატანჯული უკრაინისთვის, სადაც ომი ანადგურებს ყველაფერს, მარცვლეულსაც კი. და ეს არის ღმერთის შეურაცხყოფა, რადგან მარცვლეული მისი საჩუქარია კაცობრიობის გამოსაკვებად […] მივმართავ ჩემს ძმებს, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ შავი ზღვის ინიციატივა განახლდეს და მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირება მოხდეს." - თქვა პაპმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

აქამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე თანახმა იყო. რეპორტიორებთან საუბრისას ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება, რომელიც 17 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თურქეთისა და გაეროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახანგრძლივდებოდა.

კომენტარები