რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: უკრაინის ომი AI-ს გამოყენებით დრონების რევოლუციას ახალისებს

უკრაინის ვიცეპრემიერი, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი და დრონების არმიის პროგრამის ხელმძღვანელი, მიხაილო ფედოროვი ახლადწარმოებული უპილოტო საფრენი აპარატების ფონზე
ფოტო მიხაილო ფედოროვის ტვიტიდან

სოფლის მეურნეობითა და მძიმე ინდუსტრიით ცნობილი უკრაინა ერთი შეხედვით სულაც არ არის დრონების წარმოებაში ინოვაციებისთვის შესაფერისი ადგილი, თუმცა ომით გამოწვეულმა საჭიროებებმა ქვეყანა გადააქცია ერთგვარ სუპერ ლაბორატორიად, რომელიც ინვესტიციებს ბიზნესის ისეთი ცნობილი წარმომადგენლებისგან იზიდავს, როგორიცაა Google-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ერიკ შმიდტი.

The Washington Post-ის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობების გასაძლიერებლად ფრონტის ხაზზე მებრძოლ სამხედროებთან მჭიდრო თანამშრომლობით დრონების წარმოებაში 200-ზე მეტი უკრაინული კომპანიაა ჩართული.

"ეს არის 24/7 ტექნოლოგიური რბოლა. გამოწვევა ისაა, რომ თითოეული კატეგორიის თითოეული პროდუქტი უპირატესობის მოსაპოვებლად ყოველდღიურად უნდა შეიცვალოს". - თქვა უკრაინის ვიცეპრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, 32 წლის მიხაილო ფედოროვმა, რომელიც კიევის დრონების არმიის პროგრამის ხელმძღვანელია.

დრონების არმიის მიზანი სადაზვერვო და თავდასხმითი უპილოტო აპარატების მაქსიმალურად გამოყენებით რუსეთის საჰაერო და საარტილერიო უპირატესობის შემცირებაა. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს ხელშეწყობით, კერძო კომპანიებმა დრონების 10 000-ზე მეტი ოპერატორი მოამზადეს და მომავალ ექვს თვეში დამატებით 10 000-ის მომზადება იგეგმება.

26 აპრილს, დრონების არმიის დაწყების წლისთავთან დაკავშირებულ ფორუმზე უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა თქვა, რომ მთავრობამ 2023 წელს დრონებში ინვესტირებისთვის დაახლოებით $1 მილიარდი გამოყო. იმავე ფორუმზე ფედოროვმა დაახლოებით 1 700 უპილოტო საფრენი აპარატი წარადგინა, რომლებიც ფრონტის ხაზზე იგზავნება.

ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დრონების ქარხნებს რუსულ ჩამხშობ ტექნოლოგიებს უზიარებს, რისი წყალობითაც კომპანიები უპილოტო საფრენ აპარატებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ ელექტრონულ საომარ იარაღზე ცდიან. ეს პრივილეგია მსოფლიოს მასშტაბით დრონების მწარმოებელთა უმრავლესობას არ აქვს.

"დასავლეთში არ შეგიძლია უბრალოდ ჩართო ჩამხშობი და ჩაერიო ფართო სპექტრში მხოლოდ შენი პროდუქტის გამოსაცდელად. ამისთვის სპეციალური ლიცენზია გჭირდება და რომც გქონდეს, ის მხოლოდ ვიწრო, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ვრცელდება. სწორედ ამიტომ, ესაა ერთ-ერთი სფერო, სადაც უკრაინას აქვს რეალური შესაძლებლობა, გადაჭრას ეს მსოფლიო დონის პრობლემა". - თქვა Uber-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრეი ლისკოვიჩმა, რომელმაც სილიკონის ველი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის დასახმარებლად დატოვა.

გარდა ამისა, დრონების მწარმოებლებს აქვთ მუდმივი უკუკავშირი ფრონტის ხაზიდან, რაც მათ საშუალებას აძლევს ტექნოლოგიის მოწყვლადობის შესამცირებლად და ლეტალურობის გასაზრდელად კორექტირებები სწრაფად განახორციელონ.

უკრაინა მრავალი ტიპის დრონს აწარმოებს, როგორც საჰაეროს, ასევე საზღვაო ოპერაციებისთვის.

AI ტექნოლოგიებით აღჭურვილი დრონები

დრონების წარმოების გაფართოებასთან ერთად, გაიზარდა ამ წარმოებაში ხელოვნური ინტელექტის როლიც.

WP-ის ცნობით, ლვოვში, უპილოტო საფრენ აპარატებზე მომუშავე კომპანია Twist Robotics-ი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დაპროგრამებულ დრონებს ცდის, რომლებსაც შეუძლია სამიზნეს რუსული ჩამხშობი სისტემების ზემოქმედების ქვეშაც მიაღწიოს.

იაფ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც უკრაინა ყოველთვიურად ათასობით აწარმოებს, ბომბების ტარება შეუძლია, თუმცა რუსული ჩამხშობი სისტემების წინააღმდეგ არანაირი მექანიზმი არ გააჩნია, რის გამოც ხშირ შემთხვევაში სამიზნეს ვერ აღწევს.

ხელოვნური ინტელექტით დაპროგრამებული დრონები კი ობიექტის მიზანში ამოღების შემდეგ ოპერატორთან კავშირის დაკარგვის შემთხვევაშიც აღწევენ დანიშნულების ადგილს.

"სამიზნის ჩაკეტვის შემდეგ, დრონს სისტემა მართავს". - თქვა Twist Robotics-ის თანადამფუძნებელმა, როსტისლავ ოლენჩინმა. დრონის სენსორები ამოიცნობენ სამიზნის ფიზიკურ მახასიათებლებს და შესაბამისად არეგულირებენ საფრენი აპარატის ტრაექტორიას.

ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილ დრონს Twist Robotics-ის ერთ-ერთმა ინჟინერმა "ღარიბი კაცის ჯაველინიც" უწოდა.

ინოვაციებმა დრონების წარმოებაში ბევრი ინვესტორის ყურადღება მიიპყრო. მათ შორისაა Google-ის ყოფილი აღმასრულებელი, ერიკ შმიდტი, რომელმაც ამ დარგში მომუშავე ერთ-ერთ უკრაინულ სტარტაპში $10 მილიონი ჩადო.

შმიდტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საკითხებში პენტაგონის მრჩეველიც იყო, ფიქრობს, რომ დრონები მიწაზე, ჰაერსა და წყალში მომავალში ომის მიმდინარეობაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების საბოლოო განვითარება უკრაინას ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან უპირატესობას შესძენს, უსაფრთხოების ექსპერტები შიშობენ, რომ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებას ჰეზბოლასა და ისლამური სახელმწიფოს მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციებიც შეძლებენ.

"მას შემდეგ, რაც პროგრამა შემუშავდება, მისი გავრცელება და გამოყენება ნებისმიერ ადგილას ფაქტობრივად ყოველგვარი ხარჯის გარეშე იქნება შესაძლებელი. არასახელმწიფო აქტორებისთვის ინტერნეტში შესვლა, პროგრამის მოპოვება და მისი სხვა მიზნით გამოყენება ნამდვილად იოლი იქნება". - თქვა დრონების ექსპერტმა, პოლ შალმა.

გარდა ამისა, სხვადასხვა სახელმწიფოები დრონების სამართავად ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წინააღმდეგები ეთიკური პრობლემის გამოც არიან. თუმცა, უკრაინელების თქმით, ახალი ტექნოლოგიით დაპროგრამებული დრონების მართვის დროს ადამიანი ირჩევს სამიზნეს, ხელოვნური ინტელექტის როლი კი ლიმიტირებულია.

მიუხედავად ამისა, ფედოროვმა აღიარა, რომ ხელოვნური ინტელექტის სამხედრო სფეროში გამოყენება "საფრთხეა მომავლისთვის", თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ახლა გადარჩენისთვის ბრძოლაზეა ორიენტირებული.

გარდა AI-სა, კიევი დრონების სამხედრო მიზნით გამოყენებისთვის ნაკლებად დახვეწილ მეთოდებსაც იყენებს. მაგალითად, ყველა უკრაინული ბრიგადა 3D პრინტერებითაა აღჭურვილი, რომლებსაც სამხედროები კომერციულ დრონებზე ბომბების დამჭერი და გამშვები მექანიზმების დასამატებლად იყენებენ.

მაგრამ მაშინ, როდესაც უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში დანერგილი ინოვაციები ქვეყანას ბრძოლის ველზე მნიშვნელოვნად ეხმარება, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ კიევის სამხედრო გამოწვევებისთვის დრონების ინდუსტრია პანაცეა ვერ იქნება. ლისკოვიჩის თქმით, მაშინ, როდესაც სადაზვერვო დრონების განვითარება მნიშვნელოვან შედეგს დებს ფრონტის ხაზზე, რადგან მსგავსი ტიპის საფრენი აპარატები ყველა სხვა იარაღის ეფექტურობას ზრდის, თავდასხმისთვის განკუთვნილ დრონებს, მათი მოქმედების შეზღუდული რადიუსისა და დატვირთვის სიმცირის გამო, გადამწყვეტი როლის თამაში არ შეუძლიათ.

ნელი ტემპით, თუმცა რუსეთმა მიმდინარე ომში დრონების მნიშვნელობა მაინც გააანალიზა და თავადაც დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობა. ZALA Lancet-ისა და ირანული კამიკაძე Shahed-ის ტიპის დრონების გამოყენებასთან ერთად, რუსეთმა მოსკოვთან ირანის დახმარებით უპილოტო საფრენი აპარატების ქარხნის მშენებლობაც დაიწყო. ივლისის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით კი, რუსეთი ამ ქარხანაში წარმოებულ დრონებს ბრძოლის ველზე უკვე იყენებს.

გარდა ამისა, კიევის ცნობით, რუსეთი ყოველთვიურად 1 000 უკრაინულ დრონს ანადგურებს, თუმცა სხვადასხვა დათვლებით ეს რიცხვი 10 000-სსაც აღწევს.

ფაქტი ერთია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უკვე იქცა მსოფლიო ისტორიაში დრონების ყველაზე მასშტაბურ ომად.

კომენტარები