რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: 20 ივლისიდან უკრაინისკენ მიმავალ გემებს სამხედრო ტვირთის გადამზიდებად ჩავთვლით

რუსული ხომალდი კასპიის ზღვაში კალიბრის ტიპის რაკეტას ცდის. 2017 წელი.
Denis Abramov/Sputnik/AP

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ, მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გამო, 20 ივლისიდან უკრაინის პორტების მიმართულებით მიმავალ ყველა გემს სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამტანად განიხილავენ.

ამას გარდა, განცხადებაში ნათქვამია, რომ გემების მფლობელ ქვეყნებს კონფლიქტში ჩართულ მხარეებად ჩათვლიან.

"შესაბამისად, ქვეყნები, რომლის დროშის ქვეშაც ეს გემები ცურავენ, ჩაითვლებიან უკრაინის კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულებად". – წერია განცხადებაში.

ამ განცხადებით რუსეთი იმუქრება, რომ უკრაინის პორტების მიმართულებით მიმავალი სამოქალაქო გემებიც, შესაძლოა, მათ მიზანში ამოიღონ.

17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

წარსულში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ უკრაინელებს ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე იერიშები, მათ შორის საზღვაო დრონების გამოყენებით, ოდესის პორტიდან, მარცვლეულის შეთანხმების დარღვევით, მიჰქონდათ.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

რუსეთმა აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაიმუქრა, რომ კიევს პასუხს გასცემდნენ. მომდევნო დღეს რუსეთმა საპორტო ქალაქ ოდესაზე მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა.

კომენტარები