ბოსნია

სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტიდან 28 წელი გავიდა

ბოსნიელი მუსლიმი ქალი სრებრენიცას გენოციდის მსხვერპლი ნათესავის საფლავთან. 2023 წლის 11 ივლისი
AP Photo/Armin Durgut

11 ივლისს ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში 1995 წლის ხოცვა-ჟლეტის სახსოვრად გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

ევროპის ტერიტორიაზე ჰოლოკოსტის შემდეგ ერთადერთი აღიარებული გენოციდიდან 28 წლის შემდეგ, წელს სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლ 27 კაცსა და სამ თინეიჯერ ბიჭს ქალაქთან მოწყობილ გენოციდის მსხვერპლთა სასაფლაოზე დაკრძალავენ, სადაც უკვე 6 600 ადამიანის ნაშთი გადაასვენეს.

სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტა იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ნაციონალისტური ვნებებითა და ტერიტორიული ამბიციებით შეპყრობილი ბოსნიელი სერბების, ბოსნიაკებისა და ხორვატების 1992-1995 წლების ბოსნიის ომის სახელით ცნობილი დაპირისპირების სისხლიანი კულმინაცია იყო.

1995 წლის 11 ივლისს ბოსნიელმა სერბებმა სრებრენიცაში გაეროს დაცვის ქვეშ მყოფი თავშესაფარი აიღეს და სულ მცირე 8 000 მუსლიმი ბოსნიაკი კაცი და ბიჭი დააცილეს საკუთარ დედებს, დებსა და ცოლებს, ქალაქის გარშემო არსებულ ტყეში დაედევნნენ და ამოხოცეს.

ბოსნიელმა სერბებმა მსხვერპლთა ცხედრები ნაჩქარევად გაკეთებულ მასობრივ საფლავებში ჩაყარეს, მოგვიანებით კი, ომის დანაშაულების მტკიცებულებების დამალვის მიზნით საფლავები ბულდოზერით გათხარეს და ნაშთები სხვადასხვა სასაფლაოზე მიმოფანტეს.

ბოსნიელი სერბების ომისდროინდელი პოლიტიკური ლიდერი, რადოვან კარაჯიჩი და მისი სამხედრო მეთაური, რატკო მლადიჩი ჰააგაში გაეროს ომის დანაშაულების ტრიბუნალმა დამნაშავეებად ცნო. საერთო ჯამში, სრებრენიცაში ჩადენილი გენოციდისთვის ტრიბუნალმა და ბალკანეთის სასამართლოებმა თითქმის 50 ბოსნიელ სერბს 700 წელზე მეტი პატიმრობა მიუსაჯეს.

მიუხედავად ამისა, სერბებისა და ბოსნიელი სერბების უმრავლესობა კარაჯიჩსა და მლადიჩს ეროვნულ გმირებად მიიჩნევენ და სრებრენიცას ხოცვა-ჟლეტის უარყოფას ან უმნიშვნელო მოვლენად გამოცხადებას აგრძელებენ.

კომენტარები