აშშ-თურქეთი

შვედეთის NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, ბაიდენი მზადაა, თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა დაუშვას

აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Jonathan Ernst/Reuters

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მზადაა, დადოს შეთანხმება, რომელიც თურქეთისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების მიყიდვის სანაცვლოდ, ანკარას მხრიდან შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას შესაძლებელს გახდის. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, თურქეთისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვის პირობა მათი საბერძნეთის წინააღმდეგ გამოყენების აკრძალვა იქნება.

ანკარას მიერ F-16-ის ტიპის თვითმფრინავის შეძენის უფლებაზე აშშ-სგან ნებართვის მოთხოვნას კონგრესი თურქეთის საბერძნეთისადმი დაპირისპირების და ასევე რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გამო ეწინააღმდეგებოდა. 

ჯო ბაიდენის თქმით, თურქეთისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს, მაგრამ ამ ტრანზაქციაზე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს, კონგრესს ვეტოს დადების უფლება აქვს. 

"თურქეთი F-16 თვითმფრინავების მოდერნიზაციას ცდილობს, ხოლო მიცოტაკისი [საბერძნეთის პრემიერმინისტრი] საბერძნეთში ეძებს დახმარებას. ასე რომ, ის, რასაც მე ვცდილობ, გულწრფელად გითხრათ, არის კონსორციუმის შექმნა იქ, სადაც ჩვენ ვაძლიერებთ NATO-ს როგორც საბერძნეთის, ასევე თურქეთის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდის გზით, პარალელურად კი შვედეთს ალიანსში გაწევრიანების უფლებას ვაძლევთ". - ამბობს ბაიდენი. 

ამასთან, ამერიკელმა კანონმდებლებმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც საუბარი იყო მონოტორინგის მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფდა თურქეთის მიერ ახალი F-16-ების საბერძნეთის წინააღმდეგ გამოყენების არდაშვებას. 

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სურს, რომ გარიგების ფარგლებში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პირობაც დაამატონ. 

ვილნიუსში NATO-ს სამიტზე გამგზავრებამდე აეროპორტში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა თქვა: "პირველ რიგში, მოდით, თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზა გავუხსნათ, შემდეგ კი შვედეთს გავუხსნით გზას, ისევე როგორც ეს ფინეთის შემთხვევაში მოხდა".

როგორც The Guardian-ი წერს, ერდოღანის შენიშვნები იმაზე მეტყველებს, რომ სამიტის წინა დღეს შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ დიპლომატების ძალისხმევა მოსალოდნელზე უფრო კომპლექსური იქნება. 

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ბლოკავს, რადგან ერდოღანის თქმით, შვედეთმა ქურთი ბოევიკებისა და სხვა ჯგუფების მიმართებით მეტად მკაცრი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. ოფიციალური ანკარას განცხადებით, სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. ამასთან, სტოკჰოლმში ანტი-თურქულმა და ანტიისლამურმა პროტესტებმა გააჩინა ეჭვი, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია ალიანსის სამიტამდე. NATO-ს სამიტი ვილნიუსში 11 და 12 ივლისს გაიმართება.

კომენტარები