ინტერვიუ პარტიებთან

საბანკო რეგულაციების არაეფექტიანობა და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ინტერვიუ პარტიებთან

საბანკო რეგულაციების არაეფექტიანობა და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ტაბულა გთავაზობთ ინტერვიუს ოპოზიურ პარტიებთან ქვეყნის საბანკო სექტორის პრობლემებისა და მათი გადაჭრისთვის საჭირო რეფორმების შესახებ. გამოცემის კითხვებს უპასუხეს პარტიამ საქართველოსთვის, ლელომ, ევროპულმა საქართველომ, გირჩი – მეტი თავისუფლებამ, დროამ და სტრატეგია აღმაშენებელმა. ინტერვიუზე უარი თქვეს ქართულმა ოცნებამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

საქართველოსთვის

პარტია საქართველოსთვის ხედვის შესახებ ტაბულა ბექა ლილუაშვილს ესაუბრა. პარტიის პოზიციით, თუ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ფინანსური სფეროს სრული დერეგელუაცია შეუძლებელია.

"ფინანსურ სექტორში უნდა იყოს ე.წ. პრუდენციული რეგულაციის ჩარჩო. უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც გახდება ბაზისი იმისა, რომ ევროზონაში ქვეყანა გაწევრიანდეს. თუმცა, შესაძლებელია დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკითაც გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი. აქ მთავარია ბიზნეს ციკლები როგორ დასინქრონდება ერთმანეთთან. ძნელია დღეს საუბრობდე ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და ლარის საერთოდ გაუქმებაზე და მულტი სავალუტო სისტემის შემოღებაზე, როდესაც შენი ეკონომიკის კონიუნქტურა და სამწუხაროდ, დამოკიდებულია აღმოსავლეთ ნახევარსფეროზე და არა დასავლეთ ნახევარსფეროზე, არა ევროკავშირთან ვაჭრობაზე, არამედ რუსეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ვაჭრობაზე". – ამბობს პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელი.

პარტიის პოზიციით, ეროვნული ბანკის პოლიტიკა უნდა იყოს პრუდენციული, დაბალანსებულად კონსერვატიული, მაგრამ დღეს არა ეროვნული ბანკის პოლიტიკა, როგორც პრუდენციული პოლიტიკაა პრობლემა, არამედ პრობლემაა თავად ეროვნული ბანკი, რომელსაც დამოუკიდებლობის პრობლემები აქვს.

"თუკი საერთაშორისო საფინანსო სექტორმა იგრძნო, ან გაუჩნდა კითხვის ნიშნები, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ცენტრალური ბანკი, ექცევა პოლიტიკური გავლენის ქვეშ და მან პირობითად მაშინ, როცა საპროცენტო განაკვეთის გაზრდაა საჭირო, შეიძლება ამ ნაბიჯისგან თავი შეიკავოს, რათა ხელისუფლების პოლიტიკური მიზნებს მიაღწიოს, ეს არის კატასტროფა". – თქვა ლილუაშვილმა.

სავალუტო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით პარტია საქართველოსთვის რადიკალური ცვლილებების საჭიროებას და შესაძლებლობას ვერ ხედავს

"არანაირი სხვა რეჟიმი, გარდა ინფლაციის თარგეთირებისა, ამ ქვეყანაში არ იმუშავებს, სანამ ჩვენ საერთაშორისო აღქმაში ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი გვაქვს. შესაბამისად ინსტიტუციური ცვლილების საჭიროებას მე ვერ ვხედავ. ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ არის კაპიტალ მარკეტი, რომელიც წლების მანძილზე ვერ მოხერხდა, იმის მიუხედავად, რომ გარკვეულ ეტაპზე ხდებოდა იმის ადვოკატირება, რომ არ არსებობს სტაბილური ფულის მიმწოდებელი, არ არსებობს გრძელვადიანი ლარი რომ საფინანსო ბაზრის ინსტრუმენტები განვითარდეს. 
შეიქმნა ეს გრძელვადიანი მექანიზმი. საპენსიო ფონდია, რომელიც 3 მლრდ ლარის აქტივს ფლობს, მაგრამ იმის გამო, რომ საბანკო სექტორი არის დომინანტი საფინანსო ბაზარზე, იმის გამო, რომ ეროვნულ ბანკს არ აქვს სათანადო ტოლერანტობა ფინანსური რისკების სისტემაში შევიდეს და ის მაქსიმალურად ცდილობს, რაღაც ახალი არ დაიმატოს რეგულირების სფეროში, ფაქტობრივად, საბანკო დაფინანსება არის ერთადერთი დაფინანსება ხელმისაწვდომი სახელმწიფოში, რაც ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ამ ქვეყნის ეკონომიკას და ამ მიმართულებით რადიკალური გადაწყვეტილებები მისაღებია, მათ შორის, რისკის მიმართ ტოლერანტობა გასაზრდელია რეგულატორის მიმართ და ეს საფინანსო ბაზრები გასახსნელია". – თქვა ლილუაშვილმა.

ევროპული საქართველო

"დღეის მდგომარეობით, აკრძალულია უცხოურ ვალუტაში 200 000 ლარზე ნაკლები მოცულობის სესხის გაცემა. შეზღუდულია დასაბუთებული შემოსავლის გარეშე სესხისა და განვადების გაცემა. ასევე შეზღუდულია გასაცემი სესხის ვადები: სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა 3 წელია, იპოთეკური სესხის კი - 10 წელი. შედეგად, მცირე ბიზნესისა და დაბალშემოსავლიანი ფიზიკური პირების დაკრედიტების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხი მაღალ საპროცენტო განაკვეთს და სასესხო შეთანხმების არასტაბილურ პირობებს (ცვლადი საპროცენტო განაკვეთი, მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე) გულისხმობს. მთელ რიგ შემთხვევებში შეუძლებელია სესხის გამცემმა შესთავაზოს მომხმარებელს საკრედიტო რესურსი მისთვის სასურველ სხვადასხვა ვალუტაში. გაძვირებული და გართულებულია ფინანსური ტრანზაქციები, რაც დამატებითი წნეხია მომხმარებლისთვისაც და ფინანსური ინსტიტუტისთვისაც". – ამბობენ ევროპულ საქართველოში.

პარტიის ხედვით, საჭიროა ფინანსური თავისუფლების დებულების შემოღება, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების აქტის შემადგენელი ნაწილი იქნება – ფულად-საკრედიტო ბაზარი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო რეგულატორული წნეხისგან და ამ გზით ფინანსურ ბაზარზე მოქმედ მეწარმეებსა და მათი სერვისების/პროდუქტების მომხმარებლს ინდივიდუალური ეკონომიკური ინტერესების თავისუფალი განხორციელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. 

ევროპული საქართველოს პოზიციით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საკრედიტო პროდუქტებსა და სერვისებზე საპროცენტო განაკვეთის და სხვა პარამეტრების (ვადა, მოცულობა, უზრუნველყოფის ტიპი და სხვა) განსაზღვრისას თავისუფლება, როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში შეთავაზებულ პროდუქტებზე. 

"უნდა გაუქმდეს უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების 200 000 ლარიანი ქვედა ზღვარი. უნდა გაუქმდეს შეზღუდვა დასაბუთებული შემოსავლის გარეშე სესხის გაცემაზე - ფინანსურმა ინსტიტუტმა დამოუკიდებლად უნდა მიიღოს გადაწვყეტილება დაკრედიტების კრიტერიუმების შესახებ. 

სესხის მომსახურების კოეფიციენტი უნდა იყოს საფინანსო ინსტიტუტის მიერ განსაზღვრული და არა ეროვნული ბანკის მიერ. ასევე უნდა გაუქმდეს სესხის ვადის ზედა ზღვარი და თავად საფინანსო ინსტიტუტმა უნდა გადაწყვიტოს სესხის პარამეტრები მომხმარებლის და რისკების შესწავლის შედეგად.

ამას გარდა, ლარში მოზიდულ რესურსზე სარეზერვო მოთხოვნა არის 5%, ხოლო უცხოურ ვალუტაში 10%დან 25%-მდეა, დამოკიდებულია ცალკეული საფინანსო ინსტიტუტის დეპოზიტების დოლარიზაციის ხარისხზე. ასეთი პოლიტიკა დოლარში სესხების გაცემის მომგებიანობას ამცირებს, ამიტომ ბანკი საპასუხოდ ან არ გასცემს ასეთ სესხს, ან გასცემს უფრო მაღალ პროცენტში. პარალელურად, ბანკებს დოლარის დეპოზიტების საჭიროებაც უმცირდებათ". – ამბობენ პარტიაში.

ევროპული საქართველოს ხედვით, რეგულატორი არ უნდა ქმნიდეს ლარიზაციის დამატებით სტიმულებს, შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია ასევე უნდა გაუქმდეს. ასევე უნდა გაუქმდეს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის პოლიტიკაც მხოლოდ აძვირებს დოლარს, რაც დამატებით ამცირებს დოლარში სესხების მიმზიდველობას. 

ამასთან, პარტიაში ამბობენ, რომ ბანკებისათვის, მიკროსაფინანსოებსა და ონლაინ გამსესხებლებისათვის სესხებზე მაქსიმალურიეფექტური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია 50%-ით, რამაც ფაქტობრივად ონლაინ სესხების ბიზნეს მოდელი სრულად ჩამოშალა. პარტიის ხედვით, აღნიშნული შეზღუდვა უნდა გაუქმდეს. ფინანსურმა ინსტიტუტმა თავად, თავისუფლად უნდა განსაზღვროს საბანკო კრედიტების გაცემის ფორმა და პირობები. აღნიშნული ჩანაწერლი გათვალისწინებული იქნება ფინანსური თავისუფლების დებულებაში. 

ევროპული საქართველოს ხედვით, ქვეყანაში უნდა დაინერგოს მულტისავალუტო სისტემა, რომელშიც ადამიანებს აქვთ თავისუფლება აირჩიონ, თუ რომელი ვალუტა გამოიყენონ ამა თუ იმ ტრანზაქციის დროს.

"მულტისავალუტო სისტემა ყველაზე მეტად არის ინდივიდების კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, რადგან ყველას აქვს შესაძლებლობა იმ ვალუტაში განახორციელოს ანგარიშსწორება, რომელიც მისთვის კონკრეტულ სიტუაციაში უფრო მომგებიანია. მულტისავალუტო სისტემის შემოღებით, საქართველოს ტერიტორიაზე ნებადართული იქნება ნებისმიერი უცხოური ვალუტის გამოყენება, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება. ეროვნული ვალუტა უნდა გაუქმდეს, ტრანზაქციების უცხოურ ვალუტაში შესრულება კი კონსტიტუციით უნდა იყოს განატირებული. სახელმწიფო ბიუჯეტი დაიგეგმება დოლარში". – ამბობენ პარტიაში.

ევროპული საქართველოს შენიშვნა: ინტერვიუს პასუხებში მოცემულია საკითხები, რომლებზეც პროექტ "ახალი რესპუბლიკის" ფარგლებში ევროპულმა საქართველომ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა კონსენსუსს უკვე მიაღწიეს. მსჯელობის, დისკუსიის და რეფორმების დეტალიზების პროცესი კვლავ გრძელდება და გაზაფხულისთვის დასრულდება რეფორმების სრული დოკუმენტი, რომელიც იქნება საჯარო განხილვისთვის.

გირჩი – მეტი თავისუფლება

ცოტნე კობერიძის თქმით, პარტიის ხედვით, საჭიროა ყველა მარეგულირებელი სააგენტოს გაუქმება, მათ შორის ენერგეტიკის, კომუნიკაციების, ეროვნული ბანკისა და კონკურენციის სააგენტოს.

პარტიას ფასების სრული ლიბერალიზაცია და სესხის ასაღებად შემოსავლების დადასტურების მოთხოვნის გაუქმება სურს. ამასთან, თვლიან, რომ საჭიროა სესხის უცხოურ ვალუტაში ასაღებად 200 000-ლარიანი მინიმალური ზღვრის გაუქმება. გირჩი – მეტი თავისუფლების პოზიციით, სავალდებულო სარეზერვო განაკვეთები უცხოურ და ეროვნულ ვალუტასთან უნდა გათანაბრდეს და გაუქმდეს დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა.

ამასთან, უნდა გაუქმდეს ყველა ის რეგულაცია, რომელიც საფინანსო სექტორს უკრძალავს არასაფინანსო სექტორში საქმიანობას. პარტიას სურს, რომ გაუქმდეს ლარი, როგორც ერთადერთი საგადამხდელო საშუალება და დაიწყოს დოლარიზაცია.

ლელო

ლელოს სურს საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების სისტემური რეფორმა, რომლის შედეგიც იქნება საკრედიტო რესურსების მკვეთრი გაიაფება. ამასთან, პარტიაში მიაჩნიათ, რომ უნდა შეიქმნას 2-მილიარდიანი სპეციალური საინვესტიციო ფონდი სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.

დროა

პარტიის წევრის, გიგა ლემონჯავას თქმით, დროას სჯერა კერძო ინიციატივებში ხელისუფლების მინიმალური ჩარევისა და ნაკლები რეგულაციების, აგრეთვე, ლიბერალური საინვესტიციო გარემოსა და სახელმწიფო გადასახადების შემცირების.

"მივიჩნევთ, რომ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პრობლემები - ლარის არასტაბილურობა განპირობებულია არა მონეტარული პოლიტიკის პრობლემებით, არამედ დაბალი ეკონომიკური მაჩვენებლებითა და არასაკმარისი ეკონომიკური ზრდით. შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის მოგვარება უნდა დაეფუძნოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას, ტურიზმის სფეროს განვითარებას, შიდა წარმოებისა და ექსპორტის გაზრდას". – ამბობენ პარტიაში.

დროას პოზიციით, ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეკონომიკური/ფინანსური ბლოკის მიდგომა ფუნდამენტურად მცდარია, რამდენადაც ის ეფუძნება არა პრობლემის საფუძველთან, არამედ პრობლემის შედეგთან ბრძოლას.

პარტიაში თვლიან, რომ აუცილებელია საკანონმდებლო და საგადასახადო სისტემის ადაპტირება ინოვაციაზე, კვლევასა და სოციალურ მეწარმეობაზე, ამასთან ინფრასტრუქტურული პროექტების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკური ცენტრების განვითარება, ენერგეტიკული დივერსიფიცირება და ინფორმაციული ტექნოლოგიების გავრცელების ხელშეწყობა.

სტრატეგია აღმაშენებლის მიერ მოწოდებულ პასუხში საბანკო სფეროს რეფორმის შესახებ პასუხი არ ყოფილა.
 

კომენტარები