ინტერვიუ პარტიებთან

არსებული ტერიტორიული მოწყობის გამოწვევები და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ინტერვიუ პარტიებთან

არსებული ტერიტორიული მოწყობის გამოწვევები და რეფორმირების ხედვა – ინტერვიუ პარტიებთან

ტაბულა გთავაზობთ ინტერვიუს ოპოზიურ პარტიებთან ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის სისტემის პრობლემებისა და მათი გადაჭრისთვის საჭირო რეფორმების შესახებ. გამოცემის კითხვებს უპასუხეს პარტიამ საქართველოსთვის, ლელომ, ევროპულმა საქართველომ, გირჩი – მეტი თავისუფლებამ, დროამ და სტრატეგია აღმაშენებელმა. ინტერვიუზე უარი თქვეს ქართულმა ოცნებამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

საქართველოსთვის

პარტია საქართველოსთვის ხედვის შესახებ ტაბულა ბექა ლილუაშვილს ესაუბრა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს გუბერნატორების, ე.წ. სახელმწიფო რწმუნებულების ელიმინაცია, ასევე საჭიროა ფისკალური დეცენტრალიზაციის უფრო მეტად გაძლიერება და ადგილობრივი თვითმმართველობების საარჩევნო სისტემის ცვლილება – სრულად პროპორციულზე გადასვლა, ვინაიდან არსებული სისტემაც შეუთავსებლობის წყაროა.

"ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ე.წ. გადანაწილების მექანიზმი, რომლითაც გადასახადები აკუმულირდება ცენტრალურ ბიუჯეტში, გარდა ქონების გადასახადისა, და გარკვეული ფორმულით ხდება მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული შემოსავლების გადარიცხვა, განაწილება. ეს არის დღევანდელი ჩარჩო, მაგრამ ამავდროულად გვაქვს უამრავი ცენტრალიზებული ფონდი, მაგ. მუნიციპალური განვითარების ფონდი. შემდეგ სხვადასხვა მუნიციპალიტეტისგან ვისმენთ პრეტენზიებს, რომ ის, რასაც ისინი იღებენ, არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი. მათი საჭიროება გაცილებით დიდია. გვაქვს არაერთი პროგრამა, რომელიც ცენტრალიზებულად და ასევე ლოკალურად ხორციელდება, იგივე სოციალური მხარდაჭერის პროგრამები. [...] ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს სერვისების მიწოდების კუთხით ასეთი ფრაგმენტირება არ არის ეფექტიანი. აქ შეიძლება მეტი ეფექტიანობის შეტანა, ოპტიმიზაცია და დაზოგვა, თუკი გარკვეულ სერვისები სრულად დეცენტრალიზებული იქნება". - თქვა ლილუაშვილმა.

პარტია საქართველოსთვის ასევე ხაზს უსვამს ადმინისტრაციულ საკითხებში სახელმწიფო მოხელეების ფუნქცია-მოვალეობების გადაფარვის პრობლემებსაც, იქნება ეს სახელმწიფო რწმუნებული აპარატი, მერი, თუ მაჟორიტარი, რის გამოც საჭიროა საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული იყოს.

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ხედვით, ძალაუფლების დეცენტრალიზაცია ერთ-ერთი საკვანძო საკითხია თვითმმართველობის გაძლიერებისთვის. პირველ რიგში, პარტიას სურს თვითმმართველობის კომპეტენციაში დარჩეს მის ტერიტორიაზე წარმოშობილი საშემოსავლო და რეფორმირებული დღგ, იგივე Sales Tax-ის არსებითი ნაწილი და ეს არ უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლების დისკრეცია. 

"ამ გადასახადის ზედა ზღვრის დაწევა ასევე თვითმმართველობის კომპეტენციაში უნდა გადავიდეს. ასევე უნდა მოხდეს ქონების სოფლის თემებისთვის გადაცემა და ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა ჰყავდეს პირდაპირ არჩეული ან არჩეული მერის მიერ დანიშნული პოლიციის შერიფი". – ამბობენ პარტიაში.

ევროპული საქართველოს შენიშვნა: ინტერვიუს პასუხებში მოცემულია საკითხები, რომლებზეც პროექტ "ახალი რესპუბლიკის" ფარგლებში ევროპულმა საქართველომ და პარტნიორმა ორგანიზაციებმა კონსენსუსს უკვე მიაღწიეს. მსჯელობის, დისკუსიის და რეფორმების დეტალიზების პროცესი კვლავ გრძელდება და გაზაფხულისთვის დასრულდება რეფორმების სრული დოკუმენტი, რომელიც იქნება საჯარო განხილვისთვის.

გირჩი – მეტი თავისუფლება

პარტიის წევრის, ცოტნე კობერიძის თქმით, არსებული პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა თვითმმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, ასევე ოლქის პროკურორების არჩევითობა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის უფლების მინიჭება, შეამციროს გადასახადები.

პარტიის პოზიციით ადგილობრივი ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 3%-ს, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დაწესდება შეზღუდვები.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ დედაქალაქ თბილისში საჭიროა პოლიტიკური დეცენტრალიზაცია და 12 რაიონისთვის არჩევითი საკრებულოების შექმნა, ამასთან ცენტრალიზებული ფუნქციების რაიონების საკრებულოებზე გადანაწილება, მერისთვის კოორდინატორის ფუნქციის დაკისრება საკრებულოებს შორის ურთიერთობის დასამყარებლად. ამგვარ სისტემაში მერი დაკავებული იქნება შესყიდვებით, ტენდერების გამოცხადებით და სხვა ფუნქციებით, რომლებზე გადაწყვეტილებაც მიიღება დეცენტრალიზებულად.

გირჩი – მეტი თავისუფლების ხედვით, საჭიროა მუნიციპალური ტრანსპორტის სრული განკერძოება და ტრანსპორტის სფეროს სრული დერეგულირება, ამასთან თბილისის მიწისქვეშეთის ეტაპობრივი პრივატიზება, ახალი მეტროს ხაზების, მეტროსადგურების, ავტოსადგომების ან სხვა დანიშნულების ბიზნესის შესაქმნელად. ასევე, პარტიას სურს, ყველა სამთავრობო შენობა სამგორის რაიონში გადავიდეს.

ლელო

ლელოში მიაჩნიათ, რომ რეალური დეცენტრალიზაცია და მუნიციპალიტეტებზე მმართველობის მაქსიმალურად დელეგირება ტერიტორიული მოწყობის პრობლემების გასაღებია. მათი აზრით, რეგიონში საჭირო ფული რეგიონშივე უნდა დარჩეს და მუნიციპალიტეტების საკუთრებაში უნდა გადავიდეს იქ არსებული დაურეგისტრირებელი მიწები, აგრეთვე, ტყეების და სხვა ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი. პარტია თვლის, რომ საჭიროა ქალაქის დონის ინფრასტრუქტურის, სერვისების და სამუშაო ადგილების ყველა დიდ სოფელში განვითარება.

დროა

ტერიტორიული მოწყობის სისტემის პრობლემებისა და მათი გადაჭრისთვის საჭირო რეფორმებზე დროას ხედვის შესახებ ტაბულა პარტიის წევრს, გიგა ლემონჯავას ესაუბრა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ თვითმმართველობის ფისკალური, ეკონომიკური და ადმინისტრაციული მდგრადობის გასაძლიერებლად და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მისაღწევად პირველ რიგში უნდა შეიცვალოს საგადასახადო პოლიტიკა.

პარტიის პოზიციით, საჭიროა ქონების გადასახადის ეფექტური ადმინისტრირება, რაც გულისხმობს თვითმმართველობის უფლებამოსილების გაზრდას, თავად განსაზღვროს საგადასახადო შეღავათის დაწესება კონკრეტული ინვესტორისა თუ კერძო კომპანიისათვის; ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა შეეზღუდოს შეღავათის დაწესების უფლება, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ასეთი შეზღუდვა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაწესდება, უნდა ამოქმედდეს კანონის ნორმა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს დაავალდებულებს, მუნიციპალიტეტს აუნაზღაუროს დანაკარგის სრული ოდენობა. ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს წვდომა გადასახადის გადამხდელთა ბაზებზე, იმისთვის, რომ გადასახადების ადმინისტრირება გამჭვირვალედ და მუნიციპალიტეტის ჩართულობით ხდებოდეს.

ამასთან, დროაში მიაჩნიათ, რომ საჭიროა საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირება მოქალაქის   (და არა კომპანიის) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანა. პარტიაში თვლიან, რომ ეს წაახალისებს მუნიციპალიტეტებს, შექმნან მეტი სამუშაო ადგილები, მოიზიდონ ბიზნესი საშუალო და მცირე ინვესტიციების განსახორციელებლად და მიიღონ შემოსავალი იმ კომპანიების მუშაობიდან, რომლებიც რეგისტრირებულია თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით ამუშავებენ ფილიალებს. 

"შედეგად მუნიციპალიტეტში გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა; ხოლო მოქალაქე საშემოსავლოს გადაიხდის როგორც იმ სერვისებისა და რესურსების საფასურს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოიხმარს". – ამბობენ დროაში.

მათი პოზიციით, ასევე საჭიროა გათანაბრების პოლიტიკის ცვლილება იმისათვის, რომ გათანაბრებითი ტრანსფერი გახდეს მასტიმულირებელი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის და არა მხოლოდ “დეფიციტის შემავსებელი”, რასაც დღგ-ს გადანაწილება გულისხმობს, რის გამოც მუნიციპალიტეტი გაზრდილ ბიუჯეტს ვერ უკავშირებს თავის მუშაობის ეფექტურობას. გარდა ამისა, ტრანსფერის ფორმულის ძირითად კრიტერიუმებში უნდა დაემატოს დასახლებული პუნქტების რაოდენობა, რაც გაზრდის ბიუჯეტს მცირემოსახლეობიანი დასახლებებისათვის სათანადო სერვისების მისაწოდებლად.

დროაში მიიჩნევენ, რომ ბუნებრივი  რესურსების  მოსაკრებლის ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში გადატანა მნიშვნელოვნად გაზრდის თვითმმართველობის ბიუჯეტს და ფისკალურ დამოუკიდებლობას.

პარტიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქონების გადაცემაც, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო მიწების წილის მნიშვნელოვანი გაზრდას. შესაბამისად, თვითმმართველობის საკუთრებაში უნდა გადავიდეს არა მხოლოდ მცირე (300 კვ.მ.-მდე) ნაკვეთები და ამორტიზებული შენობა-ნაგებობები, არამედ ისეთი ქონება, რომელსაც მაღალი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია, რომელსაც მუნიციპალიტეტი ეფექტურად გამოიყენებს ინვესტორის მოსაზიდად და ეკონომიკური სარგებლის მისაღებად.

"სასოფლო-სამეურნეო  მიწის  მუნიციპალიტეტების  საკუთრებაში  გადაცემა გულისხმობს ამავდროულად ცენტრალური ხელისუფლებისათვის ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით გასხვისების უფლების ჩამორთმევას. მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური უფლება, გაასხვისოს ქონება აუქციონის წესით. მუნიციპალიტეტს ცენტრალურ ხელისუფლებაზე უფრო ეფექტურად შეუძლია მოიძიოს მყიდველი, ვინც რეალურ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს. ამით შემცირდება ე.წ. “მიგდებული”, გამოუყენებელი ნაკვეთების რაოდენობა და ნაწილობრივ გადაიჭრება მცირემიწიანობის პრობლემაც; ასეთი მიდგომა გაზრდის მუნიციპალიტეტის შემოსავლებს, მუნიციპალიტეტების საინვესტიციო შესაძლებლობებს არა მხოლოდ მსხვილი ინვესტორების, არამედ საშუალო და წვრილი ინვესტორების მოსაზიდად; ასევე, მუნიციპალიტეტს უნდა მიენიჭოს უპირატესი უფლება არარეგისტრირებული ქონების რეგისტრაციაზე, რომელიც ავტომატურად მისი საკუთრება გახდება". – ამბობენ დროაში.

პარტიის ხედვით, საჭიროა  მუნიციპალური სერვისების განვითარება და ცენტრალური სერვისების დეცენტრალიზაცია, შედეგად მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და რესურსები როგორც საკუთარი, ასევე დელეგირებული უფლებამოსილებების ეფექტურად აღსრულებისათვის. დროაში მიაჩნიათ, რომ სერვისების განვითარებისა და ხარისხის ამაღლებისათვის აუცილებელია მოხდეს ისეთი სისტემების დეცენტრალიზაცია, როგორიცაა მაგალითად, წყალმომარაგება. სერვისი არ უნდა იმართებოდეს ცენტრალიზებულად წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის მიერ, რომელიც თავად განსაზღვრავს პრიორიტეტულ დასახლებულ პუნქტებს, სადაც სერვისის მიწოდება ხდება, ხოლო მაღალმთიანი და ადმინისტრაციული ცენტრიდან შორს მდებარე დასახლებები უმეტესწილად წყლის გარეშე რჩება. 

დროას პოზიციით, მუნიციპალურ დონეზე უნდა ხორციელდებოდეს ისეთი სერვისებიც, როგორებიცაა პირველადი ჯანდაცვა, სასწრაფო დახმარება და სოფლის ექიმის პროგრამა; საქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურება; ასევე, აუცილებელია, გაიზარდოს მუნიციპალიტეტების დაფინანსება განათლების სფეროში დელეგირებით გადაცემული სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის.

დროა მნიშვნელოვნად მიიჩნევს კერძო სექტორის ჩართულობა სერვისების განხორციელებაში.

"თვითმმართველობებში არსებული პრობლემების ეფექტური მოგვარებისათვის ჩამოთვლილი ცვლილებების განხორციელება უნდა მოხდეს კომპლექსურად. ეს კი შექმნის მყარ საფუძველს დეცენტრალიზაციის პროცესის შემდგომი ეტაპების განხორციელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისათვის". – ამბობენ პარტიაში.

სტრატეგია აღმაშენებლის მიერ მოწოდებულ პასუხში ტერიტორიული მოწყობის რეფორმის შესახებ პოზიცია არ ყოფილა.
 

კომენტარები