რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: აშშ უკრაინისთვის კასეტური ჭურვების გადაცემას აპირებს

ამერიკელი სამხედრო 155-მმ-იანი კასეტური ჭურვით, რომელიც ცნობილია, როგორც ორმაგი გამოყენების გაუმჯობესებული კონვენციური ჭურვი (DPICM). კემპ ჰოვი, სამხრეთ კორეა, 2016 წლის 20 სექტემბერი.
U.S. Army photo/2nd Lt. Gabriel Jenko

როგორც გამოცემა The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, რომ უკრაინას გადასცეს კასეტური ჭურვები, რომლებსაც კიევი ითხოვდა.

როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლი თანახმაა, კასეტურ ჭურვებს, რომლებიც ფორმალურად ცნობილია, როგორც ორმაგი გამოყენების გაუმჯობესებული კონვენციური ჭურვები (DPICM), მოხსნან აშშ-ს შეიარაღების ექსპორტის კანონში არსებული შეზღუდვა.

WSJ წერს რომ გადაწყვეტილებას ადმინისტრაცია პარასკევს, 7 ივლისს გამოაცხადებს.

ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობდნენ, რომ მსგავს ჭურვებს ომის დასრულების შემდეგ ადამიანთა დაშავება შეუძლია. იგივე საკითხი აწუხებდათ თეთრ სახლშიც. თუმცა კასეტურ ბომბებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეეძლებათ მაშინ, როცა კონფლიქტი კრიტიკულ ფაზაშია. სწორედ ამიტომ, კაპიტოლიუმში ბევრი კანონმდებლის შეხედულებები შეიცვალა, როგორც ამას WSJ აღნიშნავს.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ იდეის მხარდამჭერების აღნიშვნით, კასეტური ჭურვების გადაცემა შეამსუბუქებს უკრაინის დამოკიდებულებას 155-მმ-იან ჭურვებზე.

კასეტური იარაღის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით საერთაშორისო კონვენციას ხელი მოწერილი აქვს 110 ქვეყანაზე მეტს, თუმცა სიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ქვეყანა არ შედის. კონვენციაზე ხელი არ მოუწერიათ აშშ-ს, უკრაინას, რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, სამხრეთ კორეას, ესტონეთს, ფინეთს, ლატვიას, პოლონეთს, რუმინეთს, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმეტესობას.

კასეტური ჭურვები მცირე ზომის ბომბებს შეიცავს, რომლებიც გასროლის შემდეგ ფართო ტერიტორიას ფარავს.

 

კომენტარები