ფსილოსიბინი

ავსტრალიაში ფსიქოაქტიური ნივთიერება ფსილოსიბინი დეპრესიის სამკურნალოდ დაუშვეს

ავსტრალიის მედიკამენტების მარეგულირებელმა ფსიქოდელიური საშუალებები, კერძოდ ფსილოსიბინი თერაპიული მკურნალობისთვის გამოსაყენებლად დაამტკიცა.

ფსილოსიბინი მაგიური სოკოს ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომელსაც ავსტრალიაში მწვავე დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენებენ. ამასთან, ავსტრალიის მედიკამენტების მარეგულირებელი დაუშვებს MDMA-ის გამოყენებას, რომელიც ცნობილია, როგორც ექსტაზი ტაბლეტების სახით. MDMA-ს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სამკურნალოდ გამოიყენებენ.

ცვლილებები ძალაში 1 ივლისს შევიდა და ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ფსიქოდელიური მედიკამენტები სამკურნალოდ ეროვნულ დონეზე დაუშვა.

სხვა ქვეყნების მარეგულირებლებს, როგორიცაა შვეიცარია, კანადა და ისრაელი, მიღებული აქვთ ავსტრალიის მსგავსი გადაწყვეტილებები, თუმცა არა ეროვნულ დონეზე. ფსიქოდელიური კლინიკები ასევე ფუნქციონირებს იამაიკასა და კოსტა-რიკაში.

ექსტაზი, რომელსაც თავიდან გასახდომ საშუალებად იყენებდნენ, 1970-იანი წლებიდან აშშ-ში თერაპიული მკურნალობისთვისაც გამოიყენებოდა. ავსტრალიაში ის 1980-იანი წლებიდან გამოჩნდა, როგორც საწვეულებო ნარკოტიკი, რომელსაც ახასიათებდა მომატებული ენერგია, ემპათია და სიამოვნების შეგრძნება. ის 1987 წლიდან კრიმინალიზებულია. 

თუმცა, 2000-იანი წლებიდან კვლევა თავიდან დაიწყო, რამაც ცხადყო, რომ როგორც ექსტაზი, ისე ფსილოსიბინი მწვავე დეპრესიისა და სხვა მენტალური პრობლემების სამკურნალოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუმცა ცოტა რამ არის ცნობილი იმაზე, თუ კონკრეტულად როგორ ახერხებს ფსიქოაქტიური ნივთიერებები ადამიანის განკურნვას. 

მარეგულირებლის ამ გადაწყვეტილებას ავსტრალიაში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. 

ფსიქოდელიური ნივთიერებების დახმარებით თერაპიის მართვის ჯგუფის თავმჯდომარემ, რიჩარდ ჰარვიმ თქვა, რომ ფსიქოდელიურ ნივთიერებებს შიშის, პანიკისა და ხელახალი ტრავმატიზაციის პოტენციალი აქვს.

ფსიქოდელიური მკრუნალობის ისტორია

49 წლის მარჟეინ ბოჟუას 2017 წელს მწვავე დეპრესიის დიაგნოზი დაუსვეს.

"ორ თვეში დავკარგე დედა, ბებია, საყვარელი შინაური ცხოველი და რომანტიკული ურთიერთობა." - იხსენებს პაციენტი,

მას არ შეეძლო ჭამა, შხაპის მიღება და სახლიდან გასვლა. ამასთან, მისივე თქმით, ანტიდეპრესანტაბემა ზომბად აქციეს. პაციენტს ანტიდეპრესანტების გამო ტირილი და ემოციების გამოხატვა აღარ შეეძლო.

როდესაც ალტერნატიული თერაპიის კვლევამ ამსტერდამში ფსილოსიბინამდე მიიყვანა, ის ყოყმანობდა. 

"მე არ მაქვს ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მოხმარების ისტორია. როგორც ადიქციის მრჩეველი, მე მისი წინააღმდეგი ვიყავი." - ამბობს ბოჟუა.

თუმცა მწვავე დეპრესიით იმდენად სასოწარკვეთილი იყო, რომ გადაწყვიტა, მკურნალობის ალტერნატიული მეთოდიც ეცადა.

ის ფსილოსიბინს ჩაის სახით იღებდა. მკურნალობამ შედეგი გამოიღო.

"ფერები უფრო ნათელი გახდა. მე ვიგრძენი ძლიერი კავშირი სამყაროსთან. [...] ეს იყო უპირობო სიყვარულის მასიური, ლამაზი გამოცდილება. მე შემეძლო გაღიმება, სიხარულის განცდა." - ამბობს პაციენტი.

კომენტარები