საქართველო-ევროკავშირი

იოზვიაკი: უნგრეთი უკრაინის EU-ს მოლაპარაკებებს დათანხმდება, თუ საქართველოს სტატუსს მისცემენ

EU

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი საკუთარ სტატიაში წერს ინფორმაციას, რომელიც ევროკავშირის მაღალჩინოსნისგან შეიტყო. 

ამ ცნობის მიხედვით, უნგრეთი იმ შემთხვევაში დათანხმდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას, თუ საქართველოს ბლოკის სხვა ქვეყნები კანდიდატის სტატუსს გადასცემენ.

"ერთი სცენარი, რომელიც ახლახანს მოვისმინე ევროკავშირის მაღალჩინოსნისგან, რომლისთვისაც ეს ნაცნობი საკითხია, არის ის, რომ უნგრეთი უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამავდროულად ევროკავშირის სხვა წევრები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დადასტურებაზე შეთანხმდებიან. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ ბუდაპეშტთან ბევრად უფრო ახლო ურთიერთობა დაამყარა". – წერს იოზვიაკი.

სტატიაში იოზვიაკი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება რთულია, რადგან ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. ის ხაზს უსვამს "შეზღუდულ პროგრესს" დეოლიგარქიზაციის პუნქტთან დაკავშირებით, რაზეც თბილისს ბრიუსელში ეუბნებიან, რომ "მეტად სისტემური მიდგომა" უნდა ჰქონდეთ. ამას გარდა, იოზვიაკი ხაზს უსვამს მედია პლურალიზმსაც და ამბობს, რომ სიტუაცია იმაზე ცუდად გამოიყურება, ვიდრე აქამდე იყო. გასულ დღეებში წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ამ მხრივ საქართველოს პროგრესი არ აქვს, მაშინ როცა ევროპული კომისია საქართველოს მოუწოდებს, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს და უკეთ დაიცვას მედიები და მათი მფლობელები. მან ყურადღება მიაქცია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამიას შეწყალებასაც და თქვა, რომ ეს არის იმ სახის პროგრესი, როგორიც ევროპულ კომისიას სურს.


2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

21 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის წევრების ელჩებს, 22 ივნისს, სტოკჰოლმში კი ევროკავშირის მინისტრებს წარუდგინეს შუალედური შეფასება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესის შესახებ. საბოლოო ანგარიში ცნობილი გახდება ამ წლის ოქტომბერში. ამ ანგარიშით ევროპული კომისია საბოლოოდ შეაფასებს სამი ქვეყნის მიღწევებს და გასცემს მომდევნო ნაბიჯების რეკომენდაციას, რომელსაც 2 თვეში ევროკავშირის წევრები ან მიიღებენ, ან უარყოფენ.

რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რა ეტაპები მოჰყვება მას?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებმაც დეკლარირებულად გამოხატეს მათი განზრახვა, გახდნენ კავშირის სრულფასოვანი წევრები და აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. თეორიულად კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის გაწევრიანების გზის პირველი ეტაპი, თუმცა საბოლოო ინტეგრაციამდე ის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იწყება ქვეყნის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილი განაცხადით. მას მოჰყვება კითხვარის შევსება, რომელიც ქვეყნისთვის თვითრეფლექსიის დოკუმენტია და განსაზღვრავს სახელმწიფოს შესაბამისობას კოპენჰაგენის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ კრიტერიუმებთან. სწორედ ამ კითხვარზე დაყრდნობით და დამოუკიდებელი შეფასებით, ევროკომისია ქვეყნის შესახებ რეკომენდაციას წარადგენს.

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შემდეგი ნაბიჯია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხმას ანონიმურად აძლევენ. ამ ეტაპს მოჰყვება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და ქვეყნის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis). მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ყველა ჩარჩოში დასრულდება, ევროკომისია კიდევ ერთხელ წარადგენს აზრს გაწევრიანებისთვის ქვეყნის მზადყოფნის შესახებ. წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის დასტურის შემდეგ ქვეყანას გაწევრიანების ხელშეკრულება ფორმდება, იგი უნდა რატიფიცირდეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ და საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირში წევრიანდება.

კომენტარები