საქართველო-ევროკავშირი

ვარჰეი: საქართველოს განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველომ მიღებული 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ სამი აქვს შესრულებული, ნაწილობრივ კი - 7. ვარჰეიმ ამის შესახებ სტოკჰოლმში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, სადაც ევროკავშირის საბჭოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესის შესახებ ზეპირი შუალედური შეფასება წარედგინა.

"საქართველოსთვის გაწერილი გვქონდა 12 რეკომენდაცია, მათგან სამი სრულად შესრულებულია: 1. გენდერული თანასწორობა და ძალადობა ქალთა წინააღმდეგ. 2. გაითვალისწინონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. 3. სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესი იყოს გამჭვირვალე". - აღნიშნა ვარჰეიმ. 

ვარჰეის განმარტებით, 12 რეკომენდაციიდან 7-ში საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს, მათ შორის: პოლიტიკური პოლარიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირებისა და საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების, გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმების სტრატეგიულად მიღებისა და განხორციელების, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერების, ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამოქალაქო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მიმართულებით.

ხოლო მედია თავისუფლების შესახებ საუბრისას ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ამ რეკომენდაციასთან მიმართებით საქართველოს არანაირი პროგრესი არ აქვს. 

"რაც შეეხება მედია პლურალიზმსა და მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის პროცედურების უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს, საქართველოს არ მიუღწევია არანაირი პროგრესი. იმისათვის, რომ შეასრულოს ეს პირობა, საქართველოს სჭირდება, მაუწყებლობასთან დაკავშირებით მიიღოს კანონი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის სამართლებრივ მოსაზრებებთან. ასევე, უნდა გაიზარდოს ჟურნალისტებისა და მედია მფლობელების დაცულობა". - ამბობს ვარჰეი. 

2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

ევროკომისია საქართველოს პროგრესის შესახებ საბოლოო დასკვნასა და რეკომენდაციას 2023 წლის ოქტომბერში წარადგენს, წლის ბოლოს კი ევროპული საბჭო ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.


რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რა ეტაპები მოჰყვება მას?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებმაც დეკლარირებულად გამოხატეს მათი განზრახვა, გახდნენ კავშირის სრულფასოვანი წევრები და აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. თეორიულად კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის გაწევრიანების გზის პირველი ეტაპი, თუმცა საბოლოო ინტეგრაციამდე ის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იწყება ქვეყნის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილი განაცხადით. მას მოჰყვება კითხვარის შევსება, რომელიც ქვეყნისთვის თვითრეფლექსიის დოკუმენტია და განსაზღვრავს სახელმწიფოს შესაბამისობას კოპენჰაგენის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ კრიტერიუმებთან. სწორედ ამ კითხვარზე დაყრდნობით და დამოუკიდებელი შეფასებით, ევროკომისია ქვეყნის შესახებ რეკომენდაციას წარადგენს.

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შემდეგი ნაბიჯია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხმას ანონიმურად აძლევენ. ამ ეტაპს მოჰყვება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და ქვეყნის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis). მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ყველა ჩარჩოში დასრულდება, ევროკომისია კიდევ ერთხელ წარადგენს აზრს გაწევრიანებისთვის ქვეყნის მზადყოფნის შესახებ. წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის დასტურის შემდეგ ქვეყანას გაწევრიანების ხელშეკრულება ფორმდება, იგი უნდა რატიფიცირდეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ და საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირში წევრიანდება.

კომენტარები