მოლდოვა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ოლიგარქის, ილან შორის პრორუსული პარტია აკრძალა

მოლდოვის პრორუსული პარტიის ხელმძღვანელი, ილან შორი
 [File: Daniel Mihailescu/AFP]

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დასავლეთის მიერ სანქცირებული ოლიგარქის, ილან შორის პრორუსული პარტიის დაუყოვნებლივ დაშლის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს

სასამართლომ პარტია არაკონსტიტუციურად ცნო და შესაბამისად, მისი აკრძალვის ბრძანება გასცა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. 

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მოლდოვური მედია წერდა, რომ შორის პარტიის 5 პარლამენტარი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატების მანდატების გამოყენებას სხვა საპარლამენტო ფრაქციებში გაწევრიანების უფლების გარეშე განაგრძობს.

პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ილან შორმა სოციალურ ქსელში დაწერა:

 "არანაირი კავშირი არ აქვს კანონის უზენაესობაზე დამყარებულ სახელმწიფოსთან, დემოკრატიულ პრინციპებთან და ღირებულებებთან, კანონების უზენაესობასთან და კონსტიტუციასთან".

მან ასევე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება "საზღვარგარეთიდან ჩამოსული მარიონეტების" მხრიდან ზეწოლითაა მიღებული.

გარდა ამისა, შორმა პირობა დადო, რომ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მისივე თქმით, "პასუხს აგებს ყველა, ვინც მონაწილეობდა ამ უკანონო პროცესში".

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს განაჩენი მოსალოდნელი იყო. 

"საზოგადოება ამას ელოდა, რადგან მოლდოველები აფასებენ დემოკრატიას და სურთ იცხოვრონ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, სახელმწიფოში, სადაც კრიმინალური ორგანიზაციებს კი არ იცავენ, არამედ სახელმწიფოს ხელში ჩაგდებაში ხელს უშლიან". - წერს სანდუ სოციალურ ქსელში.  

სანდუმ ასევე თქვა, რომ შორის პარტია კორუფციის მიზნითაა დაარსებული და მისი არსებობა "საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს და სახელმწიფოს უსაფრთხოებას".

გასული წლის თებერვალში შორის პარტიამ დემონსტრაციები კიშინიოვში მოაწყო, ხოლო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტანტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ქრთამი შესთავაზა, რათა აქციებს დასწრებოდნენ. 

ამასთან დაკავშირებით სანდუმ მოსკოვი რუსეთის, სერბეთის, ბელარუსის და მონტენეგროს უცხოელი დივერსანტების დახმარებით მოლდოვის პროდასავლური მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა.  

მიმდინარე წლის მარტში მოლდოვის პოლიციის უფროსი საუბრობდა, რომ რუსეთის სადაზვერვო სააგენტოები შორის პარტიის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობისთვის იყენებდნენ. 

თავად პარტიის ხელმძღვანელი, ილან შორი აქამდე ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს, რის შემდეგაც 2019 წელს მოლდოვიდან ისრაელში გაიქცა.

როდესაც შორი მოლდოვიდან გაიქცა, მას დევნა ემუქრებოდა მოლდოვის სამი ბანკიდან 1 მილიარდი დოლარის ქურდობის საქმეში მონაწილეობისთვის, რისთვისაც მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოლდოვამ არაერთხელ სთხოვა ისრაელს შორის ექსტრადირება.

მოლდოვის დესტაბილიზაციისა და მთავრობა დამხობის მცდელობაში თანამონაწილეობის გამო შორი დიდი ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერაა სანქცირებული.

კომენტარები