ხელახალ არჩევნებამდე ვუჩიჩი კოსოვოში მცხოვრები ეთნიკურად სერბებისთვის ავტონომიას ითხოვს

ახლადარჩეული პრემიერმინისტრი ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა კოსოვოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სანამ ეთნიკურად სერბებისთვის ავტონომიურობის გარანტიები არ შეიქმნება, ჩრდილოეთით მერის ხელახალი არჩევნების ორგანიზებისგან თავი შეიკავონ. ამ რეგიონებში აღნიშნული ეთნიკური ჯგუფი უმრავლესობას შეადგენს და მათ წინა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. 

"ყველა ჩრდილოეთში მცხოვრები სერბი თავის ქვეყნად სერბეთს აღიქვამს და არა კოსოვოს. ეს არის რეალობა. ვინმე გონს უნდა მოვიდეს და იქ ხელახალი არჩევნები დააორგანიზოს". - აღნიშნა პრეზიდენტმა ვუჩიჩმა Reuters-თან ინტერვიუში. 

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კოსოვოს ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა მოუწევს, რათა სერბებმა ახალ არჩევნებში მონაწილეობა გარანტირებულად შეძლონ.

წარსულში ევროკავშირის შუამავლობით ჩრდილოეთში მცხოვრებ სერბებს თვითმმართველი მუნიციპალიტეტების ჩამოყალიბების უფლება მიეცათ. სანაცვლოდ მათ კოსოვოს ინსტიტუციური ორგანოები უნდა ეღიარებინათ. თუმცა შეთანხმება სისრულეში არ მოსულა. ვუჩიჩმა ამ გარემოებაზე მიუთითა:

"ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს სერბეთის მუნიციპალიტეტები, ეთნიკურად ალბანელებს ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ მერობის თანამდებობები და სპეცრაზმი კვლავაც არ იხევს უკან". 

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, სერბები ყოველთვის მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ მათ რაიმე უნდა შესთავაზო. 


დაახლოებით 50 000 სერბი, რომელიც ჩრდილოეთ კოსოვოში ცხოვრობს და მთლიანი მოსახლეობის 5%-ს შეადგენს, კვლავ უარს ამბობს კოსოვოს ინსტიტუტებში მუშაობაზე, მათ შორის პოლიციაში, სასამართლოსა და მუნიციპალურ მთავრობებში. ამასთანავე, მათ აპრილის ადგილობრივ არჩევნებს ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ბოიკოტი გამოუცხადეს. შედეგად, ეთნიკურ ალბანელებს საბჭოების კონტროლის შესაძლებლობა მიეცათ. 

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კოსოვო აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ძირითადი ქვეყნების მიერ, მაგრამ სერბეთი, რომელსაც მხარს უჭერს მისი მოკავშირე რუსეთი, უარს ამბობს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამ უკანასკნელის წინააღმდეგია კოსოვოს შიგნით მცხოვრები ეთნიკური სერბებიც.

მაისში პოლიციასა და კოსოვოელ სერბებს შორის მძიმე შეტაკებები დაიწყო. 26 მაისს ათობით სერბი და ხუთი კოსოვოელი პოლიციელი დაშავდა. ამ მოვლენების პარალელურად, სერბეთმა კოსოვოს საზღვრების მახლობლად სამხედროები მაღალ მზადყოფნაზე გადაიყვანა.

კოსოვოელი სერბები ახალარჩეულ მერებს ხელს უშლიდნენ ადმინისტრაციულ შენობებში შესვლაში, რის პასუხადაც პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და მაღალჩინოსნები შენობებში შევიდნენ.

აშშ-მ და ევროკავშირმა დაგმო კოსოვოს მთავრობის მიერ ძალის გამოყენება.

პარასკევს, 26 მაისს სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ "სერბეთი უსაქმოდ არ იჯდება, როცა ჩრდილოეთ კოსოვოში სერბებს თავს ესხმიან".

შემთხვევის შემდეგ, 30 მაისს NATO-მ კოსოვოში დამატებითი 700 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები