ბაიდენი: აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინას ურყევ მხარდაჭერას უცხადებენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
REUTERS/Evelyn Hockstein

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა ვაშინგტონში შეხვედრისას უკრაინის მიმართ თავიანთი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და მოსკოვის სასტიკი აგრესია დაგმეს.

"დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა, 50-ზე მეტ მოკავშირესთან ერთად, უკრაინას უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული დახმარება გაუწია. მსურს, მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს ძლიერი ხელმძღვანელობისთვის, უსაფრთხოების სფეროში დახმარებასა და უკრაინის ჯარების წვრთნაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რათა სამხედროებმა ეფექტიანად გამოიყენონ აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვენ კიევს ერთობლივად გადავეცით". - თქვა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

პრესკონფერენციაზე სუნაკმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ომში უკრაინის დახმარებაში შეტანილი წვლილით ამაყობს. მათ შორის, ტანკების, დისტანციური იარაღითა და უკრაინელი სამხედროების წვრთნებით. თუმცა, სუნაკის აზრით, გადამწყვეტ როლს უკრაინის დახმარებაში სწორედ აშშ-ის ხელმძღვანელობა თამაშობს.

სუნაკმა დასძინა, რომ იგი გააგრძელებს აშშ-ის პრეზიდენტთან თანამშრომლობას - "ორივე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად".

კომენტარები