ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

ბლინკენმა ანკარას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დაუყოვნებლივ რატიფიცირებისკენ მოუწოდა

TT News Agency/Jonas Ekstroemer via REUTERS

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა თურქეთს, მიიღოს შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების გადაწყვეტილება და დასძინა, რომ სტოკჰოლმა თურქეთის პირობების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგა

ბლინკენმა ასევე უარყო ის აზრი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია თურქეთის მიერ შვედეთის NATO-ში რატიფიცირებას ანკარასთვის F-16-ების მიყიდვას უკავშირებდა. 

ბლინკენის კომენტარი გავრცელდა მას შემდეგ, რაც 30 მაისს ბაიდენმა აღნიშნა, რომ მან თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან F-16-ების შეძენასა და შვედეთის NATO-ში მიღებაზე ისაუბრა. ამის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თურქეთი შვედეთის რატიფიცირების სანაცვლოდ, აშშ-ისგან ავიაგამანადგურებლების შეძენას ითხოვდა. 

შვედეთის პრემიერმინისტრთან ერთობლივ კონფერენციაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს შვედეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაზე მუშაობას, რათა ივლისში NATO-ს სამიტზე შვედეთი, როგორც წევრი ქვეყანა, წარსდგეს.

"ჩვენ გვჯერა, რომ უკვე დროა და არ გვაქვს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების მიზეზი. თურქეთის შეშფოთება იყო მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური, თუმცა ფინეთმა და შვედეთმა ამ პრობლემის მოგვარებისკენ ნაბიჯები უკვე გადადგეს. მოუთმენლად ველით პროცესის დასრულებას, რომელიც გვჯერა, რომ რამდენიმე კვირაში მოხდება - ამაში ეჭვი არ გვეპარება, ასეც უნდა იყოს და ასეც იქნება". - ამბობს ბლინკენი. 

აშშ-ს კონგრესმა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა, დაამტკიცა 259 მილიონი დოლარის პაკეტი, რომელიც შეიცავდა F-16-ებისთვის სახომალდე ელექტრონული აღჭურვილობის (ავიონიკის) განახლებას.

წინა წლებში ანკარა აშშ-სგან 100 ცალი F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შეძენას აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მათ რუსული C-400-ების სისტემა შეიძინეს, ვაშინგტონმა თურქეთი F-35-ების პროექტიდან ამოიღო. ამჟამად თურქეთი F-35-ის პროგრამისთვის გადახდილი $1.4 მილიარდის სანაცვლოდ აშშ-სგან F-16-ებს ითხოვს.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ. თუმცა, 31 მარტს თურქეთის პარლამენტმა ფინეთის, შვედეთისგან დამოუკიდებლად, NATO-ში შესვლას მხარი ერთხმად დაუჭირა. 

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს იმ მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.

კომენტარები