ბელარუსი-ყაზახეთი

თოყაევი რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანების აუცილებლობას ვერ ხედავს

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეთავაზებას ეხმაურება. თოყაევის თქმით, ის რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან შეერთების საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან ყაზახეთს ბირთვული იარაღი არ სურს. 

"ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ცოტა ხნის წინ ყაზახეთს სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება შესთავაზა. ვაფასებ მის იუმორს. ვფიქრობ, ყაზახეთისთვის ამის საჭიროება არ დგას, რადგან უკვე არსებობს არაერთი გაერთიანება, უპირველეს ყოვლისა, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან უკვე მოვაწერეთ ხელი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და ბირთვულ იარაღზე ცდების აკრძალვის ხელშეკრულებებს“. - აღნიშნა თოყაევმა. 

თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთი აპირებს დარჩეს საერთაშორისო შეთანხმებების ერთგული. მისივე თქმით, ევრაზიის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაა. 


ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი ბირთვულ იარაღს გადასცემს ყველა ქვეყანას, რომელიც რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირო სახელმწიფოს შეუერთდება. ამის შესახებ ლუკაშენკომ რუს პროპაგანდისტ პაველ ზარუბინთან ისაუბრა.

"თუ ვინმე ამაზე ღელავს, არ მგონია, რომ ყასიმ ტოყაევი [ყაზახეთის პრეზიდენტი] ამაზე ღელავდეს, თუმცა თუ მოულოდნელად რამე მოხდება, მაშინ აღარავინ დაინტერესდება, აქვს თუ არა ყაზახეთს და სხვა ქვეყნებს ისეთივე მჭიდრო ურთიერთობა რუსეთს ფედერაციასთან, როგორიც ჩვენ გვაქვს.

ძალიან მარტივია, [ქვეყნები] უნდა შეუერთდნენ ბელარუსის კავშირს რუსეთთან და სულ ეს არის - ყველასთვის იქნება ბირთვული იარაღი" - ამბობს ლუკაშენკო.

"დღეს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები გულწრფელად უნდა იყვნენ დაინტერესებული საკავშირო სახელმწიფოსთან დაახლოებით, თუ, რა თქმა უნდა, მათ სურთ შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ ერთად შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ გლობალურ გამოწვევებს". - თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები