რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: მოვიგერიეთ ყველა დრონი და რაკეტა, მათ შორის 6 "კინჟალი"

კინჟალის ტიპის რაკეტით შეიარაღებული МиГ-31, 2018 წელი.
კრემლი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაური, ვალერი ზალუჟნი წერს, საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი და რაკეტა მოიგერიეს. მოგერიებულ დანადგარებს შორის არის კინჟალის ტიპის 6 რაკეტაც, რომელიც რუსეთის მტკიცებით ჰიპერბგერითია.

"16 მაისს დაახლოებით 03:30-ზე რუსი ოკუპანტები უკრაინას თავს დაესხნენ ჩრდილოეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებებიდან, სხვადასხვა ტიპის, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ბაზირების 18 რაკეტით. ექვსი МиГ-31 ტიპის თვითმფრინავიდან გაუშვეს ექვსი აერობალისტიკური რაკეტა Х-47М2 კინჟალი, 9 ფრთოსანი რაკეტა კალიბრი შავი ზღვაში მდებარე ხომალდებიდან და სამი სახმელეთო ბაზირების რაკეტა (С-400, Искандер-М). უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებმა 18-ვე რაკეტა გაანადგურა". – წერს ზალუჟნი. 

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშჩუკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაზე იერიშები მიიტანეს ირანული წარმოების Shahed-136-ებითა და Shahed-131-ებით, ასევე ოკუპანტები სადაზვერვო სამუშაოებს ატარებდნენ Орлан-10-ისა და SuperCam-ის დრონებით. ოლეშჩუკის თქმით, ყველა სამიზნე ჩამოაგდეს.

მოწინააღმდეგის რაკეტების მოგერიების მიუხედავად, დანადგარების ნარჩენების ჩამოვარდნამ კიევში რამდენიმე ხანძარი გამოიწვია. საჰაერო განგაში გამოცხადებული იყო უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.

6 მაისს უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ Patriot-ის სისტემის მეშვეობით, რუსეთის მიერ ნასროლი კინჟალი ჩამოაგდეს, რაც შემდეგში აშშ-ს პენტაგონმა დაადასტურა. ეს კინჟალის ჩამოგდების პირველი შემთხვევა იყო.

რუსეთის მტკიცებით, ამ ტიპის რაკეტა ჰიპერბგერითია, თუმცა, შემთხვევის შემდეგ, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის მხოლოდ ბგერის სიჩქარეს აღემატება. ჰიპერბგერითი რაკეტის სისწრაფე ბგერაზე, მინიმუმ, ხუთჯერ მეტი უნდა იყოს.

კომენტარები