შეტაკებები სუდანში

ომის დანაშაულში ბრალდებული სუდანელი პოლიტიკოსი ციხიდან გაიქცა

სუდანელი პოლიტიკოსი, აჰმედ ჰარუნი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტთან, ომარ ალ-ბაშირთან ერთად დედაქალაქ ხართუმში ციხეში იჯდა, თავისუფალია. გავრცელებული ინფორმაციით, ის ციხიდან გაიქცა.

25 აპრილს ჰარუნმა სუდანის ტელეკომპანიის ეთერში გასულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ მან და ყოფილი პრეზიდენტის სხვა ერთგულმა თანამებრძოლებმა ციხე დატოვეს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ აუდიო შეტყობინებაში ჰარუნმა თქვა, რომ ჯგუფს გაქცევაში ციხის მცველები და შეიარაღებული ძალები დაეხმარნენ.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიცვათ თავი უსაფრთხოების, წყლის, საკვების და მკურნალობის ნაკლებობის გამო, ისევე როგორც კობერის ციხეში მრავალი პატიმრის გარდაცვალების გამო" - თქვა ჰარუნმა ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებულ გამოცემასთან საუბრისას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) 2007 წელს აჰმედ ჰარუნს დარფურის რეგიონში მომხდარ სისასტიკეში მისი სავარაუდო როლისთვის ბრალი წაუყენა. ბრალი 20 კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და 22 სამხედრო დანაშაულს მოიცავს, მათ შორის მკვლელობას, გაუპატიურებას, დევნას და წამებას. დარფურის კონფლიქტის დროს აჰმედ ჰარუნი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

სუდანის არმიის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი, ომარ ალ-ბაშირი, რომელიც 79 წლისაა, ამჟამად პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. ის ჰოსპიტალში სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე გადაიყვანეს. ყოფილი პრეზიდენტი 2019 წელს მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ დააკავეს.

ამასთან,  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ალ-ბაშირს სუდანში, დარფურის რეგიონში მასობრივი მკვლელობისა და გაუპატიურების კამპანიის ხელმძღვანელობაში დებს ბრალს. ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.


15 აპრილის შემდეგ სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები მიმდინარეობს. ვითარება გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა. შეტაკებებს უკვე 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვრცლად სუდანში ვაგნერის წარსულ მოქმედებებსა და ამჟამინდელ კონფლიქტში ჩართულობაზე წაიკითხეთ აქ – სისხლი და ოქრო – ვაგნერის ჯგუფისა და ევგენი პრიგოჟინის აქტიურობა სუდანში.

კომენტარები