რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

REUTERS: საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, სერბეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა

უკრაინელი სამხედრო, ბახმუტი, უკრაინა, 2023 წლის 10 აპრილი
REUTERS/Oleksandr Klymenko/File Photo

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, სერბეთი დათანხმდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

სააგენტო წერს, რომ სერბეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უარი თქვა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე და ამასთან, კიევისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა ან უკვე მიაწოდა. 

მედიის ინფორმაციით, დოკუმენტში, რომლის სახელწოდებაა "ევროპის პასუხი რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტზე", მოცემულია 38 ევროპული მთავრობის "სავარაუდო პოზიციები" უკრაინის სამხედრო დახმარების თხოვნის საპასუხოდ. ამავე ინფორმაციით, სერბეთს აქვს პოლიტიკური ნება და სამხედრო შესაძლებლობა, მომავალში უკრაინას იარაღი მიაწოდოს.

Reuters-ის ინფორმაციით, პენტაგონის სქემამ უკრაინის დახმარების თხოვნაზე პასუხები ოთხ კატეგორიად დაყო: ქვეყნები, რომლებიც ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ტრენინგები და ლეტალური დახმარება; ქვეყნები, რომლებმაც უკვე გაუწიეს ტრენინგი, ლეტალური დახმარება ან ორივე ერთად; ქვეყნები, რომლებსაც აქვთ სამხედრო შესაძლებლობები და პოლიტიკური ნება "მომავალში ლეტალური დახმარება გაუწიონ".

სააგენტოს ცნობით, ავსტრია და მალტა არიან ის ქვეყნები, რომლებიც არცერთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ განეკუთვნებიან და შესაბამისად, უკრაინას არცერთი სახის დახმარებას არ უწევენ. 

მას შემდეგ, რაც რუსეთის მხარემ სერბეთისგან განმარტება მოითხოვა, ბელგრადმა უარყო, რომ მათ უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის ათასობით რაკეტა მიჰყიდეს.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის თქმით, ბელგრადს სამხედრო შეიარაღება "კონფლიქტის" არც ერთი მხარისთვის არ მიუწოდებია.

"ამისი თქმა შემიძლია, რადგან ჩემი სამინისტრო გასცემს ნებას [შეიარაღების] ექსპორტზე. სერბეთს სამხედრო აღჭურვილობა არ მიუცია არც ერთი ქვეყნისთვის, რომელიც, ჩვენი აზრით, პრობლემური იქნებოდა". – თქვა დაჩიჩმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ სერბეთისგან გასულ დღეს მოითხოვა ოფიციალური განმარტება ცნობასთან დაკავშირებით, რომ უკრაინელებს სერბებმა შეიარაღება მიჰყიდეს. მან დაუდასტურებელ ცნობებზე, რომლებიც თავდაპირველად პრორუსულ მედიებში გავრცელდა, "მძიმე შეშფოთებაც" გამოთქვა.

სერბეთი რუსეთის მოკავშირეა. მოსკოვი ბელგრადს მხარს უჭერს კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით. დასავლეთში შიშობენ, რომ, შესაძლოა, კრემლი, ევროპის ყურადღების გასაფანტად, ბალკანეთში ვითარების დაძაბვას ცდილობდეს.

კომენტარები