თავდაცვის კოდექსი

წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას მოსაკრებლით ვეღარ გადაავადებენ

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეცდანიშნულების რაზმის სამხედროები Agile Spirit 2021-ის სამხედრო წვრთნაზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის ახალი კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება. კომიტეტმა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტიდან ამოიღო ნორმა, რომლის თანახმად, პირს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება მოსაკრებელელის (10 000 ლარის ოდენობით) გადახდის შემთხვევაში, 1 წლის ვადით შეეძლო.

პირველ მოსმენამდე კანონპროექტი გადავადების შესაძლებლობის გაძვირებას ისახავდა მიზნად. თუ, ადრინდელი კანონმდებლობით, 18-დან 25 წლამდე (გაწვევა 27 წლამდეა, თუმცა 25-ს გადაცილებულებს ფასიანი გადავადება არ შეეძლოთ) მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის 18 თვით გადასავადებლად 2 000 ლარის გადახდა შეეძლოთ, რისი უფლებაც ორჯერ ჰქონდათ, ახალი კოდექსის მიღების შემდეგ მათ 10 000 ლარის გადახდა მოუწევდა, შესაძლებლობა კი მხოლოდ ერთხელ ექნებოდათ. თუმცა, პირველი მოსმენით პარლამენტმა ეს ნორმა მთლიანად ამოიღო.

დაგეგმილი ცვლილებები რამდენიმე სახისაა. პირველ რიგში, შეიცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის, რომელსაც ახალი კოდექსით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ერქმევა, ხანგრძლივობა. თუ სავალდებულო ჯარი აქამდე 12 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ახლა მას დიფერენცირებული ვადები ექნება: 6 თვე - საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის, 8 თვე - დაცვის და უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის, 11 თვე - უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისთვის.

მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც, რომ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. შესაბამისად, გაწვეულებს აღარ მოუწევთ ვალდებულების მოხდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებზე. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ეს ცვლილება 2025 წელს ამოქმედდება.

როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. ეს ბოლო დეტალი, რომ გაწვევის მართვა არა სამინისტროს, არამედ ხელისუფლების ხელში იქნება, კოდექსში, რომელშიც ძირითადი მოვალეობები სწორედ თავდაცვის უწყებას აბარია, გარკვეულ ეჭვებს იწვევს. სავალდებულო ჯარის მოწინააღმდეგეები ხშირად აკრიტიკებენ მთავრობის წარმომადგენლებს, რომ ისინი საკუთარ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამხედრო სამსახურის არიდებაში ეხმარებიან. ნახსენებმა დეტალმა კი მთავრობას შესაძლოა ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა მისცეს.

"ჩვენი მთავარი ამოცანა არის ძლიერი რეზერვის შექმნა - ჩვენ ვართ მცირერიცხოვანი ერი, გვაქვს ძალიან მდიდარი სამხედრო ტრადიციები, ვართ მეომარი ხალხი, ძლიერი ხალხი ვართ და ჩვენ არ გვინდა, ქვეყანაში გავრცელდეს მავნე პოლიტიკა, ისეთი, როგორიც აწარმოა გირჩმა - ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო სწორედ ამ გირჩის გამოწვევის დაძლევა." - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები