სასამართლო კლანის სანქცირება

საპარლამენტო ოპოზიცია სანქციებზე: გვსურს, შევქმნათ საგამოძიებო კომისია

საპარლამენტო ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სასამართლო კლანისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ამის მიზანი იმ კორუფციული ფაქტების შესწავლა იქნება, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

"აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს სახელმწიფოს მომავლის მხარდასაჭერად უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია ვითხოვთ რეაგირებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ მიგვაჩნია, დღეს თითოეული ადამიანი საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე, ვალდებულია, პასუხისმგებლობა გამოხატოს და სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში იმოქმედოს. ამიტომ, ჩვენ გვსურს, უახლოეს მომავალში პარლამენტში კენჭისყრაზე დადგეს ინიცირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი და შევქმნათ საგამოძიებო კომისია. 10 აპრილს საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით მივმართავთ. რადგან, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დღე, რომელიც სანქცირების თემებთან დაკავშირებით რეაგირებას დააყოვნებს, შესაძლოა, საქართველოსთვის ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს". - თქვა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.

რესპუბლიკური პარტიის დეპუტატის, ხათუნა სამნიძის თქმით, საგამოძიებო კომისია რეგისტრირებულია და მისი კენჭისყრა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. სამნიძე ამბობს, რომ კომისიის შექმნის მიზანი იმ კორუფციული ფაქტების შესწავლა იქნება, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათი ოჯახის წევრებს, სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. 

სანქციების დაწესებას გამოეხმაურა აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელმაც თქვა, რომ  აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი.

როგორც ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს აქვს სანდო ინფორმაცია მოსამართლეების საქმიანობასთან დაკავშირებით.

კომენტარები