რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოლაფ შოლცი ჩინეთს რუსეთისთვის იარაღის გაგზავნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჩინეთს მოუწოდა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს.  

"ჩემი გზავნილი პეკინისთვის ნათელია - გამოიყენეთ მოსკოვზე თქვენი გავლენა ისე, რომ რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიოს. ნუ მიაწვდით აგრესორს იარაღს". - თქვა გერმანიის პარლამენტში საჯარო გამოსვლისას შოლცმა. 

გერმანიის კანცლერმა ჩინეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულობასა და მის მიერ შემოთავაზებულ 12-პუნქტიან სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით აღნიშნა:

"ჩინეთის მხრიდან სამართლიანად მოსალოდნელია მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან, უკრაინელ ხალხთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან მისი იდეების განხილვა". 

შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელი ხალხის ჩართულობის გარეშე არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არ შედგება. მისივე თქმით, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებამ პუტინის იმპერიალიზმს გამარჯვების შესაძლებლობა არ მისცეს და ამისათვის ყველამ მკაფიოდ უნდა გამოხატოს პოზიცია. 

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გასაღრმავებლად ახლო მომავალში ის ვაშინგტონში აპირებს გამგზავრებას. 


მედიასააგენტო Reuters-ი ოთხ ამერიკელ მაღალჩინოსანსა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ახლო მოკავშირეებს ჩინეთის შესაძლო სანქცირებაზე ესაუბრება, თუ პეკინი რუსეთს უკრაინის ომის პარალელურად სამხედრო დახმარებას გაუწევს.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ჩინეთი გეგმავდა, უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთისთვის ლეტალური დახმარება გაეწია.

რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთმა სამშვიდობო გეგმის საკუთარი 12-პუნქტიანი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც კონფლიქტის თანდათანობით დეესკალაციას ისახავს მიზნად. ჩინეთი კრიზისის დასარეგულირებლად მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და სანაცვლოდ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. გეგმა მოიცავს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტასა და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის აღდგენას. 

რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა ჩინეთის 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მეტწილად დადებითად შეაფასა. მათი თქმით, ისინი მიესალმებიან კონფლიქტის გადაჭრაში ჩინეთის ჩართულობას. 

კომენტარები