პაკისტანი

პაკისტანის სასამართლომ ყოფილი პრემიერმინისტრის დაკავების ორდერი გასცა

Arif Ali/AFP/Getty Images

პაკისტანის სასამართლომ ყოფილი პრემიერმინისტრის, იმრან ხანის დაკავების ორდერი გასცა. პროკურატურა ხანს მისი ქონების შესახებ "არასწორი ინფორმაციის" დეკლარირებას ედავება.

პაკისტანის საარჩევნო კომისიამ ხანი 2022 წლის ოქტომბერში ეროვნული ასამბლეიდან გარიცხა. კომისიის ბრალდებით, ხანმა პრემიერმინისტრობის მიღებული საჩუქრების გაყიდვით აღებული თანხა დაფარა. 

მოსამართლის თქმით, ყოფილი პრემიერმინისტრი წინა სასამართლოს სხდომებზე არ გამოცხადდა, ამიტომ, დაკავების ორდერის გირაოთი ჩანაცვლება არ იქნება შესაძლებელი.

თუმცა, ყოფილი პრემიერმინისტრის ადვოკატები გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

10 აპრილს იმრან ხანს უნდობლობა პარლამენტის ქვედა პალატამ გამოუცხადა. მისი თქმით, ეს პროცესი მართული იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და პაკისტანის სამხედრო ელიტის მიერ. 

მისი ანტიამერიკული კამპანია პოპულარობით ახალგაზრდობაში სარგებლობს. ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო გაზრდილია უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ. 

პაკისტანში პოლიტიკური დაძაბულობა კიდევ უფრო მას შემდეგ გამწვავდა, რაც ყოფილმა პრემიერმინისტრმა, იმრან ხანმა მოქმედი პრემიერმინისტრი მისი მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა.

ბრალდება მთავრობისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა უარყვეს.

ერთი დღის შემდეგ, რაც ის გადაურჩა სროლას პენჯაბის პროვინციის ქალაქ გუჯრანვალას მახლობლად გამართულ პოლიტიკურ შეხვედრაზე, ხანმა სიტყვა წარმოთქვა საავადმყოფოში. ეტლში მჯდომარე დაშავებულმა ყოფილმა პრემიერმინისტრმა სამი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა დაასახელა, რომელიც, მისი მტკიცებით, მკვლელობის ორგანიზებაში იყო ჩართული. 

მტკიცებულებების გარეშე, ხანმა დაადანაშაულა პრემიერ მინისტრი, შაბაზ შარიფი, შინაგან საქმეთა მინისტრი რანა სანაულა და გენერალმაიორი ფეისალი, რომელიც არის დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირი.

3 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციაზე იმრან ხანს თავს დაესხნენ - მისი პარტიის განცხადებით, ეს მკვლელობის მცდელობა იყო. თავდასხმისას დაიღუპა ერთი და იმრან ხანთან ერთად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

სროლისას უკვე მეშვიდე დღე იყო, რაც ხანი ქვეყნის მასშტაბით ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით პროტესტს ხელმძღვანელობდა. ეგრეთ წოდებული "გრძელი მარში" ლაჰორში 28 ოქტომბერს დაიწყო და ისლამაბადში უნდა დასრულებულიყო. 

კომენტარები