რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის წლისთავზე ჩინეთმა სამშვიდობო გეგმის საკუთარი 12-პუნქტიანი ვერსია გამოაქვეყნა

რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთმა სამშვიდობო გეგმის საკუთარი 12-პუნქტიანი ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც კონფლიქტის თანდათანობით დეესკალაციას ისახავს მიზნად. ჩინეთი კრიზისის დასარეგულირებლად მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და სანაცვლოდ, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. გეგმა მოიცავს დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტასა და ეკონომიკური სტაბილიზაციის მიზნით, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის აღდგენას. 

ჩინეთის 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შემდეგ პუნქტებს მოიცავს: (1) ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა; (2) ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა, რაც გულისხმობს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა სხვების ხარჯზე, სამხედრო ბლოკების გაძლიერებითა და ექსპანსიით არ უნდა მოხდეს;(3) საომარი მოქმედებების შეწყვეტა; (4) სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება; (5) ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება მიუკერძოებლობისა და ნეიტრალობის შენარჩუნებით; (6) მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა; (7) ატომური ელექტროსადგურების დაცვა, ჩინეთი კატეგორიულად გმობს მსგავს ობიექტებზე თავდასხმას; (8) სტრატეგიული რისკების შემცირება (ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული); (9) მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა; (10) ცალმხრივი სანქციების შეჩერება; (11) მიწოდების სტაბილურობის შენარჩუნება(ჩინეთი ეწინააღმდეგება პოლიტიკური მიზნით მსოფლიო ეკონომიკის იარაღად გამოყენებას); (12) ომის შემდგომ კონფლიქტურ ზონებში ზარალის აღდგენითი სამუშაოების ხელშეწყობა, რაშიც ჩინეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს. 

Nato-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ჩინეთს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სათქმელი არაფერი აქვს. საპასუხოდ მან ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს კრემლისთვის იარაღის მოწოდებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები