NATO-შვედეთი-ფინეთი

სტოლტენბერგი: შვედეთისა და ფინეთის ერთად მიღებაზე მნიშვნელოვანი მათი სწრაფად გაწევრიანებაა

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში ერთად მიღებაზე მნიშვნელოვანი მათი სწრაფად გაწევრიანებაა

"მთავარი არ არის ის, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ში ერთად გაწევრიანდნენ, არამედ ის, რომ ქვეყნები ალიანსის შემადგენლობაში რაც შეიძლება მალე შევიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მათგანი საბოლოოდ NATO-ს წევრი გახდება და მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მათი რატიფიცირება რაც შეიძლება მალე მოხდეს". - ამბობს სტოლტენბერგი. 

პარალელურად, Reuters-ის ცნობით, დასავლელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ მათი აზრით, ჯობს ქვეყნები ერთად გაწევრიანდნენ, რადგან ეს მათ სამხედრო სტრუქტურებში ინტეგრაციას გაამარტივებს.

2 თებერვალს სტოკჰოლმში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე შვედეთისა და ფინეთის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ მათი გეგმა უცვლელია და NATO-ში გაწევრიანებას კვლავ ერთობლივად გეგმავენ.

30 იანვარს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ თურქეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას შვედეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს. მინისტრის კომენტარი სტოკჰოლმში იმ საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელზეც დემონსტრანტმა ყურანი დაწვა. შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს იდეა უარყვეს. 

"არ მომწონს არსებული ვითარება. დამოკიდებულება, თითქოს შვედეთი კლასში პრობლემური ბავშვია, მცდარია. შვედეთიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომელიც საჭიროა NATO-ში გაწევრიანებისთვის". - თქვა ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა. 

შვედეთის პრემიერმინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, შვედეთი კვლავ სამმხრივი შეთანხმების ერთგული რჩება, რომელსაც ხელი შვედეთმა, ფინეთმა და თურქეთმა მოაწერეს.  

"ჩვენ ეს გზა ერთად დავიწყეთ და ერთად ვაგრძელებთ". - თქვა კრისტერსონმა პრესკონფერენციაზე. 


ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. ქვეყნების გაწევრიანებისთვის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. თანხმობის რატიფიცირება ამ დრომდე მხოლოდ თურქეთსა და უნგრეთს არ მოუხდენიათ.

კომენტარები