საქართველო-ევროკავშირი

საჭიროა დამატებითი ძალისხმევა EU-ს საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრისთვის – ევროკომისიის ანგარიში

Tai Dundua / Shutterstock

ევროკომისიამ საქართველოზე ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი თბილისის მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადს ეხება და შეფასებულია, რამდენად შეუძლია ქვეყანას  ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ეფუძნება 2022 წლის გაზაფხულზე საქართველოსთვის გადაცემული ევროკავშირის კითხვარის პასუხებს.

ანგარიში მოიცავს სხვადასხვა სფეროებს. მისი შეფასებით, საქართველოს ვალდებულებების განსახორციელებლად მომზადების გარკვეული დონე აქვს მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში. ხაზგასმულია, რომ მოქმედებს ტერორიზმთან და მიგრაციასთან ბრძოლის სტრატეგიები. კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, განსაკუთრებით უცხოელთა და თავშესაფრის საკითებზე, ევროკავშირის კანონებს შეესაბამება, მაგრამ "ინსტიტუციური კოოპერაცია და კოორდინაცია სუსტია, შესაბამისად, იმპლიმენტაცია ზოგჯერ არადამაკმაყოფილებელია".

ამას გარდა, "მომზადების გარკვეულ დონეზე" აფასებენ სახელმწიფო შესყიდვების სფეროს, სტატისტიკის სფეროს, საფინანსო კონტროლის სფეროს, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის სფეროს. ამ დონის არსებობის მიუხედავად, ხაზგასმულია პრობლემები, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში კონკურენციის პოლიტიკა მომზადების ადრეულ ეტაპზეა და საკანონმდებლო საფუძვლის სრულყოფა გასაგრძელებელია.

რაც შეეხება ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, ამ სფეროში, ანგარიშის შეფასებით, საქართველო ზომიერადაა მომზადებული. წერია, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კანონით გამყარებული და პრაქტიკულად დადასტურებულია, თუმცა აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დებულება, რომლებიც დამოუკიდებლობას ეხება, დაზუსტებას საჭიროებს.

რაც შეეხება საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს, ნათქვამია, რომ საქართველო ამ მიმართულებით "ზომიერად მომზადებულია" და ევროკავშირთან თანხვედრისთვის საჭიროა მეტი ძალისხმევა.

"ამ სფეროში საქართველო ზომიერად მომზადებულია. საჭიროა დამატებითი ძალისხმევა, რათა გაიზარდოს თანხვედრა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, კერძოდ ევროკავშირის განცხადებებისა და გადაწყვეტილებების, ასევე, როცა საჭიროა, ამკრძალავი ზომების მიღების გადაწყვეტილებების შესაბამისად". – წერია ანგარიშში.

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველომ 2022 წლის 3 მარტს წარადგინა, რის შემდეგაც მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი. შევსებული კითხვარი ბრიუსელს ქართულმა ოცნებამ მაისში გადასცა. 

საქართველოსთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა უკრაინამ და მოლდოვამაც. ამ ქვეყნებმა 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ კი მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად თბილისს 12 რეკომენდაციის შესრულება დაევალა.

კომენტარები