განათლების სისტემა

შინ სწავლების უპირატესობები და გამოწვევები

განათლების სისტემა

შინ სწავლების უპირატესობები და გამოწვევები

სახლში სწავლება (ე.წ "ჰოუმსქულინგი") არაერთი ქვეყნისთვის ნაცნობი და გავრცელებული პრაქტიკაა. იგი ბავშვებისთვის საშუალო განათლების სასკოლო სივრცის მიღმა მიწოდებას გულისხმობს. სკოლაში ჩარიცხვის ნაცვლად მშობლების ნაწილი შვილის განათლებაზე პასუხისმგებლობის აღებას თავადვე ამჯობინებს და საკუთარი ძალებით, ან რეპეტიტორების დახმარებით ასწავლის მოზარდს. ეს მთელი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და მას არაერთი მიზეზი შეიძლება უძღოდეს წინ. 

ბოლო წლებში შინ სწავლებაზე დაგროვებული კვლევების მიხედვით, მშობლების უმეტესობა ამ ალტერნატივას აკადემიური სივრცით უკმაყოფილების მიზეზით ირჩევს. აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, რომ მშობლების გადაწყვეტილება, სახლში ასწავლონ შვილს, მეტწილად სასკოლო გარემოსთან დაკავშირებული პრობლემებითაა განპირობებული. მათ სჯერათ, რომ სახლის პირობებში შეძლებენ უკეთესი განათლება მისცენ მოზარდს. ამისათვის ისინი მზად არიან, მსხვერპლად გაიღონ საკუთარი დრო, დამატებითი ხარჯები და ზოგჯერ კარიერაც. კანადაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მშობლების უმეტესობა შინ სწავლებას ირჩევს, რადგან არ სურთ, თავიანთი შვილი თანატოლების უარყოფითი გავლენის ქვეშ მოექცეს. ამასთან, ამ ტიპის გადაწყვეტილებას ხშირად წინ უძღვის რელიგიური მოტივი. ბავშვის განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებები ან მისი შეზღუდული შესაძლებლობებიც მშობლებს ხშირად უბიძგებს სახლში სწავლებისკენ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, თავად მშობლის მტკივნეული სასკოლო გამოცდილების გავლენით, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ხელშეწყობის ნაკლებობით, ან სკოლაში მომხდარი ინციდენტის ფონზე, შესაძლებელია მშობელმა შვილისთვის შინ სწავლება გადაწყვიტოს.

იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც სახლში სწავლების პრაქტიკას ანიჭებენ უპირატესობას,  წლების განმავლობაში სულ უფრო იზრდება. ზოგიერთ ქვეყანაში შინ სწავლება მეტი პოპულარულობით სარგებლობს და ამ კუთხით შედარებით ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ დაგროვებული. ამ ქვეყნებს შორის შედის აშშ, სადაც  2013 წლის მონაცემებით, ოჯახურ პირობებში განათლებას 2 მლნ-მდე ბავშვი იღებს. ინგლისში ეს რიცხვი 80 000-ს აღწევს, ავსტრალიაში 30 000-ს, საფრანგეთში 2 800-ს. სახლში სწავლება ინდივიდუალურად ბავშვის საჭიროებებსა და უნარებზე მორგებული პროგრამის შემუშავების შესაძლებლობას იძლევა, ქმნის მოტივაციას, რომ სკოლაში დაწესებულ სტანდარტებზე უფრო მაღალი აკადემიური მოთხოვნები დაისახო მიზნად და თავად განსაზღვრო, ვისთან და რა ტიპის აქტივობებით გაივლის მოზარდი სოციალურ ინტეგრაციას. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, მშობელი შვილისთვის სახლის პირობებში სწავლებას გადაწყვეტს, გასათვალისწინებელია, რომ ამას ხანმოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებები მოჰყვება. ეს არჩევანი დიდი ალბათობით გავლენას იქონიებს ოჯახის ცხოვრების სტილსა და ხარისხზე. გარდა ამისა, სასკოლო სისტემიდან მოწყვეტა ზემოქმედებს ბავშვის სოციალურ განვითარებაზე. ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე მშობლებს დიდი დაფიქრება მართებთ. არჩევანის გაკეთებისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, დადებითი და უარყოფითი მხარეები გასაანალიზებელი და მოსალოდნელი შედეგები შესაფასებელი. 

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაციის მიხედვით,  ბავშვის განათლებაზე გადაწყვეტილების მიღებაში პირველადი უფლება მშობლებს აქვთ მინიჭებული. ეს ნიშნავს, რომ ისინი თავისუფალი არიან, თავად გადაწყვიტონ სად, როგორ და რა ტიპის განათლებას მიიღებს მათი შვილი. ამგვარი უფლებრივი გადანაწილება ეფუძნება დათქმას, რომ მშობელი ყოველთვის ორიენტირებულია, მისმა შვილმა საუკეთესო მიიღოს და მისი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. 

სახლში სწავლების პრიორიტეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის შესაძლებლობებზე მორგებული მოქნილი გრაფიკი და კურიკულუმია. ამერიკელი მასწავლებელი და განათლების სფეროში ექსპერტი ჯონ ჰოლტი, რომელიც სახლში სწავლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქომაგი იყო, თავის ნაშრომებში ხაზს უსვამდა, რომ სასწავლო გეგმა უნდა იყოს ბავშვზე მორგებული და არა პირიქით, ბავშვი - სასწავლო გეგმის თარგზე გამოჭრილი. ეს დღემდე მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება მშობლებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ სასკოლო სივრცე ბავშვში ინდივიდუალიზმის ჩაკვლას ემსახურება. ამის სანაცვლოდ, სახლში სწავლების შემთხვევაში მშობელს შესაძლებლობა აქვს სწორედ იმ უნარების განვითარებაში დაეხმაროს ბავშვს, რომელიც მისი ძლიერი მხარეა და სხვებისგან გამორჩეულს ხდის. ეს საშინაო პირობებში უფრო იოლად მოსახერხებელია, ვიდრე საკლასო ოთახში, სადაც მასწავლებელს კონკრეტულად ერთ მოწაფეზე კონცენტრირების  ფუფუნება  არ აქვს. ამასთან, სახლში სწავლების დროს ბავშვთან მიდგომისას აღმზრდელი სწორედ იმ მეთოდოლოგიას არჩევს, რომელიც მოსწავლისთვის ყველაზე მისაღები და აღქმადია. ეს ბავშვს მასალის გამარტივებულად ათვისებაში ეხმარება. საშინაო პირობებში სასწავლო გრაფიკიც ბევრად მოქნილი და მოსწავლეზე მორგებულია. მოზარდს აქვს პრივილეგია, აჩქარების გარეშე, სრულყოფილად აითვისოს მასალა, რადგან მასწავლებელს შეუძლია, მეტი დრო დაუთმოს იმ საკითხების ახსნას, რომლებიც ბავშვისთვის შედარებით რთული აღმოჩნდება. აღსანიშნავია, რომ სახლში სწავლებას ხშირად მიმართავენ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთანაც, რადგან სტანდარტული სკოლები მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. ასეთ ვითარებაში მშობლებს შინ სწავლების ალტერნატივა საუკეთესო ვარიანტად ესახებათ. 

თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა მუდმივი კრიტიკის ობიექტია და მშობლებში უკმაყოფილებას იწვევს. ეს განსაკუთრებით საჯარო სკოლებზე ვრცელდება. შეხედულება, რომ მთავრობის ჩართულობა ხელს უშლის ეფექტიანი სასკოლო სისტემის გამართვას, თანამედროვე მშობლებს კერძო სექტორისკენ და შინ სწავლებისკენ უბიძგებს. სახლში განათლება მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის მისაღები ღირებულებები ჩაუნერგონ შვილს და დაიცვან იმ უარყოფითი გავლენისა და გამოცდილებებისგან, რომლის მსხვერპლიც საჯარო სივრცეში შეიძლება აღმოჩნდეს. სასკოლო დაწესებულებებში არცთუ იშვიათია ძალადობა, ნარკოტიკების მოხმარება და მსგავსი ტიპის პრობლემები. სახლში სწავლება ამგვარ უარყოფით გავლენას არიდებს მოზარდს. 

როგორც წესი, შინ სწავლებასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი სოციალიზაციის მიმართულებით ჩნდება. ცოდნის დაგროვების პროცესში სოციალურ ინტერაქციას ცენტრალური ადგილი უჭირავს. აკადემიური ვალდებულებების გარდა, სკოლის ფუნქცია საზოგადოებასთან ინტეგრაციაც არის. სასკოლო სივრცე ის გარემოა, სადაც მოზარდი თანატოლებთან ურთიერთობას, სოციალურ ნორმებს, ქცევის წესებს, სოციალურ კონცეფციებსა და საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევებს ეცნობა. სახლში სწავლების შემთხვევაში ეს დანაკლისი მშობლებმა სხვა ტიპის აქტივობებით უნდა შეავსონ. შინ სწავლებასთან დაკავშირებული კვლევები აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებიც საშინაო გარემოში იღებენ განათლებას, ოჯახის წევრებთან მეტად ძლიერი კავშირი უყალიბდებათ. მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, მეტი დრო გაატარონ შვილთან და უკეთ გაიცნონ ის. ოჯახთან ურთიერთობა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალიზაციისთვის. კვლევები ამტკიცებს, რომ ბავშვები, რომლებიც შინ სწავლობენ, სოციალური ქცევის ათვისებით  არ ჩამოუვარდებიან თავიანთ თანატოლებს, რომლებიც სკოლაში იღებენ განათლებას. შედეგები აჩვენებს, რომ მეტ-ნაკლებად ორივე ჯგუფი თანაბარი წარმატებით გადის სოციალიზაციას, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ირწმუნება, რომ ის მოზარდები, რომლებიც სახლში იღებენ განათლებას, თანატოლებთან შედარებით მეტად კომუნიკაბელურები და სოციალურად მომწიფებულები არიან. 

 

 

 

 

 

კვლევები აჩვენებს, რომ იმ ბავშვების აკადემიური მოსწრება, რომლებმაც განათლება სასკოლო სივრცის მიღმა მიიღეს, თანატოლებთან შედარებით მაღალია. ეს მიუთითებს, რომ მათი ცოდნის დონე უფრო სრულყოფილია და მეტად ხარისხიანი განათლება აქვთ მიღებული. ამას მოწმობს უნივერსიტეტის მისაღები გამოცდების შედეგები. ბავშვები, რომლებიც სახლში იღებენ განათლებას, მისაღებ გამოცდებში საშუალოდ უფრო მაღალ შედეგებს აჩვენებენ. ეს ფაქტორი აკადემიური თვალსაზრისით შინ განათლების უპირატესობაზე მიანიშნებს. თუმცა მოწინააღმდეგეები ამის საპირისპიროდ ხაზს უსვამენ, რომ შინ განათლებასა და ტესტების შედეგებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა სათუოა. მათი მტკიცებით, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა მოსწავლის წარმომავლობა და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 

გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი არ შესწევთ, მათთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების პასუხისმგებლობა მშობლებს აქვთ მინიჭებული. ეს დაშვება ეფუძნება რწმენას, რომ მშობლები მათი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და ამას საბოლოოდ დადებითი გავლენა ექნება მათ ცხოვრებაზე. თუმცა პრაქტიკაში ვხვდებით არაერთ შემთხვევას, როცა ეს მოლოდინი მცდარია. ბავშვები დამოუკიდებელი ინდივიდები არიან და მათი კეთილდღეობის დასაცავად ხშირად სახელმწიფოს მშობლის კომპეტენციაში ჩარევა უწევს. ამ მიზნით შეიქმნა სავალდებულო სასკოლო სისტემაც, რათა თავიდან ავიცილოთ შემთხვევები, როცა მშობელი ბავშვს განათლების მიღებაში დაბრკოლებას უქმნის. მაგალითისთვის, აშშ-ში, კოლუმბიასა და კანადაში შინ განათლების შესაძლებლობა ზოგჯერ კარჩაკეტილი რელიგიური ჯგუფების მიერ გამოყენებულ მავნებლურ მექანიზმად იქცევა. ისინი ამ ალტერნატივას მიმართავენ, რათა ქალებს განათლებასთან წვდომა შეუზღუდონ. მაშინ, როცა ოჯახის მიღმა ინტეგრაციისას ბავშვი სხვადასხვა იდეას ეცნობა და მისი თვალსაწიერი მრავალფეროვანია, შინ სწავლების შემთხვევაში მშობელმა შესაძლოა მხოლოდ საკუთარი იდეები გააცნოს. სახლში განათლებას ზოგჯერ რელიგიური საფუძვლებიც აქვს. მაგალითისთვის, აშშ-ში მშობლების ნაწილი იმ მიზეზით ირჩევს შინ სწავლებას, რომ სკოლებში ევოლუციის სწავლებას ეწინააღმდეგება. ის ფაქტი, რომ მოზარდს მხოლოდ მშობლის ფილოსოფიურ შეხედულებებთან და მსოფლმხედველობასთან აქვს წვდომა, ფსიქოლოგების აზრით, ბავშვს საკუთარი ნააზრევის ჩამოყალიბებაში დაბრკოლებას უქმნის. ეს შემდგომში ართულებს მის ადაპტაციას მრავალფეროვან სოციალურ სივრცეში. ამისგან განსხვავებით, სკოლები მოსწავლეებს მათ გარშემო არსებული ჯგუფის შეხედულებებთან აზიარებს, რაც მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრად აქცევს. ამ მიზეზით საჯარო სკოლების პერსონალი ხშირად ეწინააღმდეგება შინ განათლების იდეას. სკოლების დირექტორებთან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ მათი 92% სახლში განათლების შემთხვევაში სრულყოფილ სოციალურ ინტეგრაციას შეუძლებლად მიიჩნევს. 

სახლში სწავლების მოწინააღმდეგეები ხშირად ამბობენ, რომ ინდივიდუალური სარგებლის მიუხედავად, საზოგადოების გადმოსახედიდან განათლების ეს ფორმა უარყოფითი გავლენის მატარებელია, რადგან იგი ხელს უწყობს საზოგადოების ატომიზაციას და საბოლოო ჯამში, მის დანაწევრებას იწვევს. 

სახლში სწავლება მშობლის მხრიდან დიდ ნებისყოფასთან და მუდმივ მუშაობასთან არის დაკავშირებული. მას მთელი დღის განმავლობაში უწევს შვილთან ინტერაქცია და საკუთარი თავისთვის ნაკლები დრო რჩება. იმისათვის, რომ ეფექტიანად შეძლოს ბავშვისთვის სწავლება, მშობელმა საკუთარ თავსა და კურიკულუმის დახვეწაზე მუდმივად უნდა იზრუნოს. გამართული და სრულყოფილი სასწავლო გეგმის შესადგენად საჭიროა, ფეხი აუწყო სიახლეებს და მათზე მიყოლით არსებულ მოდელში ცვლილებები შეიტანო. აკადემიური ვალდებულებების გარდა, მშობელს შვილის სოციალურ ინტეგრაციაზეც უწევს პასუხისმგებლობის აღება. ამ კუთხით დანაკლისი რომ არ იგრძნოს, აუცილებელია მოზარდის სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობა, რათა თანატოლებთანაც ჰქონდეს ურთიერთობა და საზოგადოებისგან არ იზოლირდეს. ამ ყველაფერთან ერთად, შინ სწავლება დიდ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. მშობელს წიგნებზე და სხვა საჭირო სასწავლო ინვენტარზე თანხების გაღება  საკუთარი სახსრებით უწევს. 

სახლში სწავლებას, მსგავსად განათლების ტრადიციული ფორმებისა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები  აქვს. ეს ალტერნატივა მშობელს გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და მოითხოვს როგორც მატერიალურ, ისე ემოციურ და ინტელექტუალურ რესურსს. იგი არამარტო ბავშვზე ახდენს გავლენას, მთელი ოჯახის დინამიკაზე აისახება. ამიტომ არჩევანის გაკეთებამდე მშობლები კარგად უნდა დაფიქრდნენ, არიან თუ არა ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად.

ზოგ შემთხვევაში ისეც ხდება, რომ მშობლის ნაცვლად ბავშვის სწავლაზე პასუხისმგებლობა კერძო რეპეტიტორებს შორის ნაწილდება. რაც შეეხება სოციალურ ინტეგრაციას, თანატოლებთან ურთიერთობა მოზარდს სხვადასხვა წრეზე სიარულით შეუძლია აინაზღაუროს, იქნება ეს სახელოვნებო თუ სპორტული მიმართულება.

საქართველოში შინ სწავლების კუთხით ნაკლები გამოცდილება გვაქვს. ამ დრომდე მსგავსი ტიპის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. ამიტომ სახლში სწავლებასთან დაკავშირებით სასწავლო სისტემასა და კანონმდებლობაში არაფერია ნათქვამი. თუმცა მოსალოდნელია, რომ მომავალში ამგვარმა პრაქტიკამ ჩვენთანაც მოიკიდოს ფეხი და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.  ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ არ შეზღუდოს მშობელი, საკუთარი შვილისთვის მაქსიმალურად კარგი განათლების მიწოდებაში, თუმცა, ამავდროულად, აკონტროლოს მისი ხარისხი და ხელმისაწვდომობა. ამის შემოწმება შესაძლებელია სემესტრული გამოცდების სახით, რომელსაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად ის ბავშვებიც ჩააბარებენ, ვინც განათლებას სახლის პირობებში იღებენ. 

კომენტარები