სახელმწიფო ვალი

2023 წელს სახელმწიფო ვალის პროცენტი რეკორდულად გაიზრდება – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინასწარი პროგნოზით, მთავრობის საშინაო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯი, მიმდინარე წელთან შედარებით, 2023 წელს 350 მილიონი ლარით გაიზრდება, საგარეო ვალის კი - 380 მილიონი ლარით. შესაბამისი დასკვნა აუდიტის სამსახურმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტზე მოამზადა.

დოკუმენტის თანახმად, მთავრობის ვალის მომსახურების ხარჯი, მიმდინარე წელთან შედარებით, 2023 წელს 398 მილიონი ლარით იზრდება. საპროცენტო ხარჯების მშპ-სთან ფარდობის მაღალნიშნულიანი მაჩვენებელი შენარჩუნდება საშუალოვადიან პერიოდშიც. 

2023 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა, დაახლოებით, 1.65 მილიარდი ლარის საგარეო ვალს დაფარავს. აქედან, 1.17 მილიარდი ლარით ძირი დაიფარება, რაც 130 მილიონით მეტია მიმდინარე წლის საგარეო ვალის ძირის თანხასთან შედარებით. დანარჩენი 480 მილიონი ლარი საპროცენტო მომსახურებაზე გადანაწილდება, რაც მიმდინარე წლის შესაბამის მონაცემებს 250 მილიონი ლარით აღემატება. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 32.1 მილიარდი ლარის ოდენობით განისაზღვრა (მშპ-ს 40.3%), რაც 2022 წლის მაჩვენებელს 2.3 მილიარდი ლარით (7.8%-ით) აღემატება. სახელმწიფო ვალის ზრდის მიზეზად საშინაო და საგარეო ვალის მოცულობათა ზრდა სახელდება. კერძოდ, საშინაო ვალი იზრდება 1.4 მილიარდი ლარით, ხოლო საგარეო ვალი - 953 მილიონი ლარით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის სტატისტიკის მიხედვით, მთლიანობაში საქართველოს სახელმწიფო ვალი 28.1 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან  საგარეო ვალზე 21.5 მილიარდი ლარი მოდის, ხოლო შიდა ვალზე -  6.7 მილიარდი. 

 “საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების წილი მთავრობის საგარეო ვალში ზრდადი ტენდენციით ხასიათდება და 2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 47%-ს შეადგენს.

ვალის პორტფელში აღნიშნული ტიპის სესხების მაღალი წილი მონეტარული პოლიტიკის გლობალური გამკაცრების პირობებში, ვალის მომსახურების (პროცენტის) ხარჯის ზრდას იწვევს”. - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

სახელმწიფოს ვალის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, სახელმწიფო ვალი საშინაო და საგარეო ვალისგან შედგება. ეროვნული ვალუტით გამოსახული სახელმწიფო ვალი საშინაო ვალს წარმოადგენს, ხოლო უცხოური კონვერტირებადი ვალუტით აღებული ვალი საგარეო ვალად კლასიფიცირდება. 

საქართველოს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ განმარტავს, რომ საქართველოს ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 2023 წლის ბოლოსთვის ვალის მაჩვენებელი 39.4%-ის დონეზეა პროგნოზირებული და, შესაბამისად, ჯდება ორგანული კანონით განსაზღვრული 60%-ის ფარგლებში. 

კომენტარები