რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Meduza: კრემლი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მობილიზაციასაც განიხილავს

ოსი სეპარატისტები
AP

გამოცემა Meduza-ს წყაროს ინფორმაციით, კრემლი უკრაინაში ომისთვის არა მხოლოდ რუსების, არამედ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლების მობილიზების შესაძლებლობასაც განიხილავს. გამოცემის ცნობით, წყარო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირია.

წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან იძულებით რამდენიმე ათასი ადამიანი გაიწვიონ.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა. ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

ამასთან, 24 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამხედრო სამსახურს ეხება. ახალი კანონის თანახმად, დეზერტირობა ან სამხედრო გაწვევაზე გამოუცხადებლობა 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გასულ დღეებში გავრცელდა კადრები ჩრდილოკავკასიიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა. BBC ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მანქანების 10 კილომეტრის სიგრძის რიგია.

კომენტარები