ირანი

წამყვანის მიერ თავსაბურავის არ გაკეთების გამო, ირანის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუ გააუქმა

CNN-ის წამყვანი ქრისტიან ამანპური

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა CNN-ის წამყვანთან, ქრისტიან ამანპურთან დაგეგმილი ინტერვიუ იმის გამო გააუქმა, რომ წამყვანი პრეზიდენტის მოთხოვნას თავსაბურავის გაკეთების შესახებ არ დაეთანხმა. 

ამანპურს ირანის პრეზიდენტთან ინტერვიუ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უნდა ჩაეწერა. გავრცელებული ინფორმაციით, ინტერვიუმდე 40 წუთით ადრე ირანის პრეზიდენტის თანაშემწმემ წამყვანს შესთავაზა, რომ თავსაბურავი გაეკეთებინა, რაზეც ამანპურმა უარი განაცხადა.

ქრისტიან ამანპური ირანის დედაქალაქში, თეირანში გაიზარდა. წამყვანის თქმით, ირანში მუშაობის დროს, თავსაბურავი ყოველთვის რადგან სხვა შემთხვევაში ირანში ჟურნალისტური საქმიანობის შესრულება შეუძლებელია. ირანის ფარგლებს გარეთ კი, სადაც ეს მოთხოვნა არ არსებობს, თავშალის გაკეთებას არ აპირებს.

"აქ, ნიუ იორკში ან ირანის ფარგლებს გარეთ ნებისმიერ ადგილას, ირანის არც ერთ პრეზიდენტს და 1995 წლის შემდეგ ყველა მათგანთან მქონია ინტერვიუ, არასდროს უთხოვია, რომ თავსაბურავი გამეკეთებინა. ძალიან ზრდილობიანად ვთქვი უარი თავსაბურავის გაკეთებაზე ჩემი, CNN-ის და ყველა ქალი ჟურნალისტის სახელით, იმიტომ რომ ეს არ არის მოთხოვნა". – განაცხადა ამანპურმა.

ამანპურის თქმით, ირანის პრეზიდენტის თანაშემწმემ მას მკაფიოდ უთხრა, რომ ირანის პრეზიდენტის პირველი ინტერვიუ ამერიკულ მიწაზე ისე ვერ ჩაივლიდა, თუ წამყვანს თავშალი არ ექნებოდა. ქრისტიან ამანპური ირანის პრეზიდენტთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აპირებდა საუბარს.

ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციები გრძელდება.

საპროტესტო აქციები გაგრძელდა თეირანის ცენტრში, სადაც ათასობით ადამიანი უზენაესი ლიდერის, ალი ხომენეის წინააღდეგ შეიკრიბა. აქტივისტებმა დახიეს ხომეინის პოსტერები და ის უგუნურ ლიდერად მოიხსენიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინის მოედნიდან, თეირანის უნივერსიტეტთან ახლოს, უსაფრთხოების ძალებმა აქტივისტები დაარბიეს. IRGC-სთან დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-ი იტყობინება, რომ უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ირანის მოსახლეობა მორალის პოლიციის მიერ 22 წლის მაჰსა ამინის ცემისა და შემდგომში მისი გარდაცვალების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანში არსებული ქურთების უფლებადამცველთა ორგანიზაცია ავრცელებს

ჰენგაუს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის ცნობით, ორი დემონსტრანტი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ირანის უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეებს საკეზში, ამინის მშობლიურ ქალაქში ცეცხლი გაუხსნეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალები კიდევ ორ აქტივისტს ქალაქ დივანდარეში გაუსწორდნენ. ჰენგაუს ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის მტკიცებით, პოლიციამ ათობით მომიტინგე დააკავა, ასევე დაშავდა 15 ადამიანი.

მას შემდეგ, რაც თეირანში მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი დააკავა, იგი ჯერ კომაში ჩავარდა და შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევას თეირანში დემონსტრაციები მოჰყვა. 

მისი სიკვდილი დაგმეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰეშთეგით - #MahsaAmini, რამაც Twitter-ზე 1,8 მილიონ გაზიარებას მიაღწია. 

პოლიციის ინფორმაციით, ამინი ავად მაშინ გახდა, როდესაც სხვა ქალების დაკავებას მორალის პოლიციასთან ერთად ელოდებოდა. უწყება 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაწესებულ მკაცრ წესებს აკონტროლებს. კანონი ქალებს თმების დაფარვასა და საჯარო სივრცეში ფართო ტანსაცმლის ტარებას ავალდებულებს.

13 სექტემბერს მაჰსა ამინი ოჯახთან ერთად გადაადგილებისას მორალის პოლიციის სპეციალურმა განყოფილებამ გააჩერა, რომელსაც ქალების ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი ევალება. IranWire-ის ცნობით, უფლებადამცველები, რომლებიც ოჯახს ესაუბრნენ, ამბობენ, რომ პოლიციამ ამინი პოლიციის მანქანაში ძალით ჩასვა. თვითმხილველების თქმით, ის ფურგონშიც სცემეს.  

მაჰსა ამინის ოჯახი ამბობს, რომ დაპატიმრებამდე მაჰსას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ აღენიშნებოდა. თუმცა, ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი დაკავებიდან რამდენიმე საათში კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე თქმით, გარდაცვალებამდე ქალი კომაში იყო.

ირანელი მაღალჩინოსნების თქმით, ამინის ცხედარს აუტოფსია ჩაუტარდა. სახელმწიფო ტელევიზიით საუბრისას ირანის სასამართლო სამედიცინო ორგანიზაციის დირექტორმა, მეჰდი ფოროზეშმა თქვა, რომ შედეგები სამედიცინო ექსპერტების მიერ შემოწმების შემდეგ გამოქვეყნდება.

კომენტარები