რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მხოლოდ ინდური ფული არ აფინანსებს ომს – ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი EU-ს აკრიტიკებს

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სუბრამანიამ ჯაიშანკარი
REUTERS

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრამანიამ ჯაიშანკარმა ინდო-წყნარ ოკეანეში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ ყოველწლიურ შეხვედრაზე ევროკავშირი გააკრიტიკა და ალიანსს "თანასწორობისკენ" მოუწოდა. 

"რუსული გაზის ყიდვა არ აძლიერებს ომის მანქანას? მხოლოდ ინდური ფული და ნავთობია, რომელიც ომს აფინანსებს და არა ევროპაში რუსეთიდან შესული გაზი? მოდით, არ ვიყოთ მიკერძოებული". - თქვა ჯაიშანკარმა

ინდოეთმა არაერთხელ გაამართლა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი და ის ფაქტი, რომ 2022 წელს ქვეყანამ რეკორდულად დიდი რაოდენობა შეისყიდა რუსეთისგან. 

ჯაიშანკარმა დაადასტურა, რომ რუსეთიდან ინდოეთში იმპორტირებული ნავთობის რაოდენობა 2021-დან 2022 წლამდე სულ მცირე ცხრაჯერ გაიზარდა.

"„თუკი ევროპისა და დასავლეთის ქვეყნები და შეერთებული შტატები ასე შეშფოთებულნი არიან, რატომ არ აძლევენ ირანის ნავთობის ბაზარზე შესვლის საშუალებას? რატომ არ აძლევენ ვენესუელის ნავთობის ბაზარზე შესვლის საშუალებას? მათ შეზღუდეს ნავთობის ყველა სხვა წყარო, რომელიც ჩვენ გვაქვს". - თქვა ჯაიშანკარმა.

31 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. 

დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით მიღებაზე უარს ამბობს. ამჟამად გამონაკლისი არის მილსადენი დრუჟბა, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა, რომელიც სრულ ემბარგო ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, სანქციები დაუყოვნებლივ შეეხება ევროკავშირში იმპორტირებული რუსული ნავთობის 75%-ს, წლის ბოლომდე კი 90%-ს.

გარდა ამისა, ევროკომისიამ ახალი 300 მილიარდი ევროს ღირებულების ენერგოპროგრამა წარადგინა, რომლის მიზანიც 2027 წლამდე რუსულ ენერგოიმპორტზე დამოკიდებულებისგან, მათ შორის რუსული გაზისგან, თავის დაღწევაა.

ამასთან, ევროკომისია აღნიშნავს, რომ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის ჩანაცვლებას ენერგეტიკული წიაღისეულის ინფრასტრუქტურაში მოკლევადიანი ინვესტიციების ჩადება დასჭირდება.

კომენტარები