რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ოცნების ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არაა" – ბოკერია G7-ის შეხვედრაზე არმიწვევაზე

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია დიდი შვიდეულის შეხვედრებზე საქართველოს არმიწვევას ეხმაურება - ბოკერიას შეფასებით, ეს საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსის "ლოგიკური გაგრძელებაა" და, მისივე სიტყვებით, "ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არ რჩება". 

"ივანიშვილის პოლიტიკის ზიანი გაღრმავდა ამ ბოლო პერიოდში, უკრაინაში პუტინის რუსეთის აგრესიის ამ ბოლო ფაზისას. შედგა დიდი შვიდეულის შეხვედრა გერმანიაში და ამ შეხვედრაზე უნდა განხილულიყო მიმდინარე მოვლენები პუტინის აგრესიის ფონზე - დასავლეთის, თავისუფალი სამყაროს რეაქცია, მისი პოლიტიკა შემდგომში ამ ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, დახმარება ყველა იმ ქვეყნის, რომელსაც უშუალოდ ემუქრება საფრთხე. ბუნებრივია, ამ შეხვედრაზე მიწვეული იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, მიწვეული იყო მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი. ვინ არ იყო აქ მიწვეული? არ იყო მიწვეული საქართველოს ხელისუფლება. სამწუხაროდ, ეს აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ კურსის, იმ შედეგების, რაც დგება ივანიშვილის კურსის შედეგად. 

ამ რეჟიმის მიმართ ნდობა, რომ პუტინის რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის დაპირისპირებაში ის არის თავისუფალი სამყაროს მხარეს, არ არსებობს. ფორმალურად რამდენი განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს ზოგჯერ, პერიოდულად, რომ ევროპული არჩევანი ჩვენთვის მყარი არჩევანია, რეალურად, მათი მოქმედებები, მათი რეალური ანტიდასავლური პროპაგანდა, ბუნებრივია, შეუმჩნეველი არავის არ რჩება". - ამბობს ბოკერია. 

ბოკერიას შეფასებით, მსგავსი ტენდენცია არის პირდაპირი საფრთხის შემცველი და საფრთხის გამზრდელი საქართველოსთვის - ვითარება საქართველოს წინააღმდეგ პუტინის რუსეთის აგრესიის საფრთხეს ზრდის. 

"საქართველო, შეიძლება, დარჩეს დაუცველი ახლო მომავალში ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგად". - ამბობს ბოკერია.  

ასევე, ბოკერიას თქმით, აშშ-ს მიერ მიღებულ ლენდ-ლიზის კანონში უკრაინასთან ერთად, სხვა ქვეყნების დახმარებაც არის განხილული - მათ შორის, მოხსენიებულია საქართველოც, თუმცა მოლდოვის შემდეგ, კავკასიაზე თავში. 

"თუ დავაკვირდებით დოკუმენტს, ვნახავთ, რომ პირველი და უდიდესი ნაწილი არის უკრაინა, შემდეგ მოდის მოლდოვა და შემდეგ საქართველო უკვე არის მოხვედრილი თავში, რომელსაც ჰქვია კავკასია. ასეთი რამ წლების წინ იყო წარმოუდგენელი. წლების წინ საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად უფრო დაშორებული ვართ თავისუფალი სამყაროს ცენტრებს და ეს ჩვენი ბუნებრივი მინუსია ამ კონკურენციაში, ყოველთვის იყო წინა რიგებში და ცალკე განიხილებოდა. 

ესეც არის შედეგი იმ მოღალატეობრივი, კოლაბორაციონისტული და პუტინისტური პოლიტიკის, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი წლებია, ატარებს და მკაფიო გახდა ამ ბოლო პერიოდში". - ამბობს ის. 

G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში სხვადასხვა საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შედეგად გაჩენილ პრობლემებს, მათ შორის საკვებთან და ენერგიასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს. 

G7-ის ქვეყნებთან ერთად სამიტზე ასევე მიიწვიეს უკრაინა და მოლდოვა, თუმცა საქართველო მიწვეულთა სიაში ვერ მოხვდა.

კომენტარები