აშშ-ჩინეთი-ტაივანი

ადეემო: აშშ ტაივანთან დაკავშირებულ დავაში მხარს ლიტვას უჭერს

აშშ-ს სახაზინო მდივნის პირველი მოადგილე, ადევაილ ადეემო

აშშ-ის სახაზინო მდივნის პირველი მოადგილის, ადევაილ ადეემოს თქმით, აშშ ჩინეთსა და ლიტვას შორის ტაივანთან დაკავშირებულ დავაში მხარს ლიტვას უჭერს. 

ჩინეთმა ლიტვიდან იმპორტი შეაჩერა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყანამ ტაიბეიში დე ფაქტო საელჩო გახსნა. ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკური ემბარგოთი უპასუხა. 

"ადეემომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვისადმი აშშ-ს მხარდაჭერა, მაშინ, როდესაც ლიტვას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან ეკონომიკური იძულება ემუქრება". - ვკითხულობთ სახაზინო დეპარტამენტის გავრცელებულ განცხადებაში. 

ტაივანი ჩინეთსა და აშშ-ს შორის უთანხმოების მუდმივი წყაროა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კუნძულს აშშ-ის ძლიერი სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. 

ბოლოს ტაივანს აშშ-ის პალატის სპიკერი 1997 წელს ეწვია.

2022 წლის მარტში, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ინიციატივით, აშშ-ის თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნების დელეგაცია ტაივანს ეწვია, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ერთგვარი გვერდში დგომის დემონსტრირება იყო. ამ გარემოებების გათვალისწინებით, უცხოელი ანალიტიკოსები პეკინის მიერ ტაივანზე სამხედრო გზით კონტროლის დამყარების საშიშროებაზე საუბრობენ.

კომენტარები