რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

G20-ის წევრი ზოგიერთი ქვეყანა რუსეთის სამიტზე დასწრებას აპროტესტებს

რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი G20-ის სამიტზე, 2021
REUTERS/Guglielmo Mangiapane

დასავლეთის ქვეყნები რუსეთის ფინანსთა მინისტრის G20-ის სამიტზე დასწრებას აპროტესტებენ, რომელიც 20 აპრილს, ვაშინგტონში გაიმართება. უკრაინის მხარდასაჭერად, ისინი რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლის დროს დარბაზის დემონსტრაციულად დატოვებას გეგმავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი დასავლეთის ქვეყანა თვლის, რომ რუსეთს გლობალურ შეხვედრებზე დასწრების უფლება უნდა ჩამოერთვას, ამ პოზიციას არ იზიარებენ G20-ის სხვა წევრები, განსაკუთრებით კი - ჩინეთი. 

მოსკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთის დელეგაციას ვაშინგტონში რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი უხელმძღვანელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ოცეულის სამიტს ვაშინგტონში უკრაინის დელეგაციაც დაესწრება. კერძოდ, უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი, ფინანსთა მინისტრი სერგეი მარჩენკო და ცენტრალური ბანკის გამგე კირილო შევჩენკო. 

მოსალოდნელია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ერთ-ერთი ძირითადი განხილვის საგანი იქნება როგორც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი ქვეყნების, ასევე G7-ისა და G20-ის შეხვედრებზე.

24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები