ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტი: სასამართლოში "გავლენის სისტემა" კვლავ ხელშეუხებელია

სასამართლო

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში ნათქვამია, რომ სასამართლოში არსებობენ კონკრეტული გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც სარგებლობენ მმართველი კოალიციის მხარდაჭერით.

ანგარიშის მიხედვით, ასოცირებული ხელშეკრულების ფარგლებში, სასამართლო სისტემის რეფორმა მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის. თუმცა, ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები უფრო მეტად შეეხო ინსტუტიციურ და პროცედურულ საკითხებს, ხოლო "ხელშეუხებელი დარჩა "გავლენის სისტემა" , რომელიც ინარჩუნებს ძალაუფლებას სასამართლო სისტემის შიგნით და უზრუნველყოფს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების არსებობას".

მკვეთრი პოლარიზაციის პროცესში, დემოკრატიული ინსტიტუტები თანდათან კარგავენ დამოუკიდებლობას, რაც მმართველი კოალიციის მიერ ძალების ცენტრალიზების პროცესს აჩქარებს. ევროპარლამენტის დოკუმენტის თანახმად, ამას მოწმობს 2020 წლიდან სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენებიც, მაგალითად უზენაესი მოსამართლეების ნაჩქარევი და არაგამჭირვალე დანიშვნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ვინაიდან მოსამართლეებს არაგამჭირვალე პროცედურების ხარჯზე ნიშნავენ, სასამართლოში ადგილების 2/3-ის კონტროლით გავლენიან მოსამართლეებს ძირითად პოზიციებს შორის როტაციის საშუალება ეძლევათ. 

  • ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით კრიტიკული კვლევა გამოაქვეყნა

  • პოლარიზაცია ქართული ოცნებისა და ენმ-ს ინტერესშია – ევროპარლამენტის ანგარიში

ანგარიში ევროპარლამეტისთვის მოამზადა ჰანა აჰამად მადატალიმ, ტალენდერ ჯანსენმა, ლაურა დელკოურმა. 

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კი უვადოდ დანიშნა ორი ახალი მოსამართლე, ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ ანულირებულად გამოაცხადა,  სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებმა, ასევე არასამთავრობო სექტორმა იმედგაცრუება გამოხატეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო. მათი თქმით, დამაბნეველია, რატომ გრძელდება ეს პროცესი, როდესაც ქართველი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა, სასამართლო რეფორმა.

კომენტარები