ქართული ოცნება

კალაძე: არავინ უჩივის პრეზიდენტს საკონსტიტუციოში, დასჯაზე არაა საუბარი, რაღაცებს ნუ იგონებთ

კახა კალაძე
კადრი ვიდეოდან/ იმედი

"არავინ უჩივის პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში, არანაირ დასჯაზე არ არის საუბარი, რაღაცებს ნუ იგონებთ და სპეკულირებთ"- ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე და ამტკიცებს, რომ ასეთი განცხადება არავის გაუკეთებია. 

მისი თქმით, ამაზე საუბარი "საერთოდ არ ყოფილა" და ჟურნალისტებს ურჩია, "საქმეში გაერკვიონ". კალაძე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის დაცვა ყველას ვალია. 

"ეს განცხადება არავის გაუკეთებია, თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერც ერთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს უნდა მიმართოს ქართულმა ოცნებამ. საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი. გაერკვიეთ და შემდეგ დასვით ეს შეკითხვა. არავინ არ უჩივის საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციის დაცვა არის ყველას ვალი".- ამბობს კალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

15 მარტს ქართულმა ოცნებამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში დავას იწყებს. პარტიის განცხადების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის "კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და საფუძველს მოკლებული განცხადებები" განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. 

კომენტარები