უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

სტოლტენბერგი: NATO მტკიცე და ერთიანია თავის მიზანში, დაიცვას ყველა მოკავშირე

ახლახანს დავასრულეთ NATO-უკრაინის კომისიის საგანგებო შეხვედრა. ვგმობთ მოსკოვის გადაწყვეტილებას, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკები, ასევე ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინაში შემდგომ შეჭრას. მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობებიდან ღია სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა. 

ეს რუსეთის მხრიდან ვითარების სერიოზული ესკალაციაა, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლით დადგენილ წესებს. კიდევ მეტად ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აზიანებს კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი გზების პოვნის მცდელობებს და ევროპული უსაფრთხოებისთვის მძიმე შედეგების მომტანია. 

ეს კრიზისი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მიერაა შექმნილი. ჩვენ ვიწონებთ უკრაინის თავშეკავებას, რომ არ პასუხობს რუსეთის განმეორებით პროვოკაციებს. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხსა და ხელისუფლებას. ჩვენი მოკავშირეები ერთიანები არიან უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის მხარდაჭერაში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისადმი ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას და მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისათვის აღჭურვილობის მიწოდებას, რათა მან დაიცვას საკუთარი თავი, ასევე გრძლედება მისი ფინანსური მხარდაჭერაც. თვეების განმავლობაში რუსეთი აგროვებდა მასობრივ სამხედრო ძალებს უკრაინასა და უკრაინის ირგვლივ, მათ შორის ბელარუსში, რამაც ჯამში შეადგინა 150 000-ზე მეტი სამხედრო, საბრძოლო ხომალდები და შემტევი ვერტმფრენები.

NATO მტკიცე და ერთიანია თავის მიზანში, დაიცვას ყველა მოკავშირე. გასულ კვირებში მოკავშირეებმა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით ათასობით სამხედრო გადასხეს და უფრო მეტი მობილიზებულია. უმაღლესი დონის განგაშის რეჟიმზე გვაქვს 100 საჰაერო ხომალდი და მოკავშირეების 120 სამხედრო გემი ჩრდილოეთის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას, რათა დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები აგრესიისგან. 

ჩვენ უმკაცრესად მოვითხოვთ რუსეთისგან, აირჩიოს დიპლომატიის გზა. ეს ამ თაობის ყველაზე სახიფათო მომენტია ევროპული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა აგრძელებენ ერთად დგომას NATO-ში, გაერთიანებულები და მზად ვართ, ერთმანეთის დასაცავად. 

ასე გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზინდეტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას.

კომენტარები