კულტურის სამინისტრო

წულუკიანის მიერ კულტურის სფეროში გათავისუფლებულთა ინტერესებს SJC, საია და ISFED დაიცავს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC), საია და ISFED კულტურის მინისტრის, თეა წულუაკიანის მიერ სამინისტროდან გათავისუფლებულთა ნაწილის ინტერესებს სასამართლოში დაიცავენ. ორგანიზაციების თქმით, დასაქმბულთა დაუსაბუთებელი გათავისუფლების მიზეზი მათ მიერ განსხვავებული პოზიციების დაფიქსირებაა. 

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გათავისუფლებული არიან სამუზეუმო საქმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმაღლესი კლასის სპეციალისტები. თითოეული მათგანის პროფესიული რეპუტაცია, სამეცნიერო ხარისხი და კვლევები კარგადაა ცნობილი პროფესიულ წრეებში. შესაბამისად, ამ მასშტაბით კვალიფიციური პროფესიონალის თანამდებობიდან გათავისუფლება აუხსნელი და კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილებაა.." – წერია განცხადებაში

სოციალური სამართლიანობის ცენტრის, საიას და ISFED-ის თქმით, ისინი გააგრძელებენ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესების დაცვის მიზნით ახალი სარჩელების მომზადებას.

"მინისტრ წულუკიანს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი პროფესიული და განსხვავებული მოსაზრებების გამო და გაითვალისწინოს გათავისუფლებული თანამშრომლების ორგანიზებული წინააღმდეგობის მოთხოვნა, შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს მიეცეს საშუალება, გააგრძელონ მუშაობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეროვნული საგანძურის დასაცავად". – წერია განცხადებაში

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის დირექტორად ნიკა ახალბედაშვილი დანიშნა, მუზეუმიდან 10-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათ შორის, კურატორები – ნანა ბურჭულაძე, ნინო ხუნდაძე და ნინო ჩიხლაძე. ისინი გათავისუფლებას მუზეუმში მიმდინარე პროცესების მიმართ თავიანთ კრიტიკულ დამოკიდებულებას უკავშირებენ.

15 იანვარს რეორგანიზაციის სახელით 36 თანამშრომელი გაათავისუფლეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდანაც. სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.

სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ. ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძის თქმით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის საქმიანობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებული არ ყოფილა და სავარაუდოდ, სასამართლოს მიმართავს.

"ცოტა გასაკვირია მე როგორ დამიწუნა კომპეტენცია ახალმა დირექცია, რომელსაც ჩემს საქმეში კომპეტენცია საერთოდ ნული აქვს. უშუალოდ ჩემს სპეციალობასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული, ეს, სავარაუდოდ, პოლიტიკის საკითხია. ხშირად ვმონაწილეობ მიტინგებში. დავდივარ იმიტომ, რომ, მაგალითად, ვაპროტესტებ ოკუპაციას და სავარაუდოდ, ეს მიმართულება უნდა იყოს". – თქვა გაგოშიძემ ფორმულასთან საუბრისას.

სააგენტოს კიდევ ერთი გათავისუფლებული თანამშრომლის ნანა კვიციანის თქმით, მან რეორგანიზაციის დაწყებისას პროტესტი გამოთქვა, რადგან, მისი აზრით, პროცესი სწორად არ მიმდინარეობდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები მიზნად ისახავდა სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების მიღწევას, ასევე, "უწყების წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების დაძლევას".

"სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი), რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნისა და მათი სააგენტოში დასაქმების იდეა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ეკუთვნის, რაც ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. კერძოდ, როგორც კულტურის სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული". – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის დირექტორად ნიკა ახალბედაშვილი დანიშნა, მუზეუმიდან 10-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათ შორის, კურატორები – ნანა ბურჭულაძე, ნინო ხუნდაძე და ნინო ჩიხლაძე. ისინი გათავისუფლებას მუზეუმში მიმდინარე პროცესების მიმართ თავიანთ კრიტიკულ დამოკიდებულებას უკავშირებენ.

რეორგანიზაციის სახელით 36 თანამშრომელი გაათავისუფლეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდანაც. სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ.

კომენტარები