დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის სტატია პუტინის, უკრაინისა და NATO-ს შესახებ

დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის სტატია პუტინის, უკრაინისა და NATO-ს შესახებ

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა მოსკოვი-კიევისა და NATO-რუსეთის ბოლოდროინდელ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. გთავაზობთ უოლასის სტატიის თარგმანს:

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის სტატია პუტინის, უკრაინისა და NATO-ს შესახებ

სათვალავი დავკარგე თუ რამდენჯერ დამჭირდა ინგლისური ტერმინი "საფრთხობელას" მნიშვნელობა ევროპელი მოკავშირეებისთვის ამეხსნა. იმიტომ, რომ საუკეთესო, ცოცხალი "საფრთხობელა" ახლა კრემლის მტკიცებაა, რომ NATO-ს საფრთხის წინაშე დგას. გასულ კვირებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი, რომ აშშ "ქიმიური ნივთიერებებით აღმოსავლეთ უკრაინაში პროვოკაციას ამზადებს", ამ "საფრთხობელას" კიდევ უფრო ადიდებს. 

ცხადია, კრემლის სურვილი ისაა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დღის წესრიგის გამოწვევის ნაცვლად, ყველა ამ ყალბ ბრალდებებში ავყვეთ. ფაქტების შესწავლა NATO-ს წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს სწრაფად აცამტვერებს. 

პირველი, NATO არის თავდაცვითი ბუნების მქონე, საკუთარ საფუძველშივე. ორგანიზაციის შუაგულში არის მე-5 მუხლი, რომელიც ყველა წევრს ავალდებულებს დაეხმაროს თანამოძმე წევრს, თუ მას თავს დაესხნენ. არ არსებობს "თუ" და "მაგრამ". საერთო თავდაცვა NATO-ს ქვაკუთხედია. ეს ვალდებულება ყველას გვიცავს. ერთმანეთისგან ისე შორს მყოფი მოკავშირეები, როგორიცაა თურქეთი და ნორვეგია ან ისე ახლოს მყოფი მოკავშირეები, როგორიცაა ლატვია და პოლონეთი, ყველა იღებს სარგებელს ამ პაქტით და ვალდებული არიან ის შეასრულონ. ეს მართლა თავდაცვითი ალიანსია. 

მეორე, ყოფილი საბჭოთა ქვეყნები NATO-მ არ შემოიერთა, ისინი თავისი თხოვნით გაწევრიანდნენ. კრემლი ცდილობს NATO წარმოადგინოს როგორც მის ტერიტორიაზე შეჭრის დასავლური გეგმა, მაგრამ რეალურად ალიანსის წევრების ზრდა მის (რუსეთის) ბოროტ ქმედებებსა და საფრთხეებზე გაცემული ბუნებრივი პასუხია.

მესამე, ბრალდება, რომ NATO რუსეთის ალყაში მოქცევას ცდილობს, უსაფუძვლოა. 30 მოკავშირედან რუსეთს მხოლოდ 5 ესაზღვრება, NATO მისი საზღვრების მხოლოდ 1/16-ს ეხება. თუ ალყაში მოქცევის განმარტება შენი პერიმეტრის 6%-ის დაბლოკვაა, ეჭვგარეშეა, რომ იმ მამაც კაცებს, რომლებიც არნემსა და ლენინგრადში მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდნენ, ამასთან დაკავშირებით რაიმე ძლიერი სათქმელი ექნებოდათ. 

კრემლს სინამდვილეში NATO-ს მიმზიდველი ღირებულებები აშინებს და არა მისი ძალების განლაგება. ასევე, ვიცით, რომ მისი ქმედებები რეალურად პრეზიდენტი პუტინის მიერ ისტორიის ინტერპრეტაციასა და უკრაინის მიმართ არსებულ დაუმთავრებელ ამბიციებს ეხება. 

ეს ვიცით, რადგან გასულ ზაფხულს მან მთავრობის ოფიციალური ვებგვერდით გამოაქვეყნა საკუთარი სტატია "რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთობის შესახებ". გთხოვთ, წაიკითხოთ, თუ დრო გაქვთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ის მისი არგუმენტებით სავსეა, მათი სიზუსტე მოიკოჭლებს და დიდად წინააღმდეგობრივია. 

ყველა უნდა ვღელავდეთ, რადგან რაც თავად პრეზიდენტი პუტინის კალმიდან მოედინება არის შვიდიათასსიტყვიანი ესე, რომელიც საკუთარი ამბიციების ცენტრში ეთნონაციონალიზმს აყენებს. ეს არაა ის ნარატივი, რომელზეც ახლა მიდის ვაჭრობა. ეს არაა NATO-ს აგრესიის საფრთხობელა. ის იძლევა არასწორ და შერჩევით მსჯელობას, რათა გაამართლოს, საუკეთესო შემთხვევაში, უკრაინის დამორჩილება, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი სუვერენული ქვეყნის იძულებითი შემოერთება. 

პრეზიდენტი პუტინის სტატია სრულად უგულებელყოფს უკრაინის მოქალაქეების სურვილებს, პარალელურად კი იხმობს იგივე ტიპის ეთნონაციონალიზმს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მთელ ევროპაში მოქმედებდა და ჯერ კიდევ აქვს უძველესი სიძულვილის გამანადგურებელი ძალების გამოღვიძების პოტენციალი. მკითხველი შოკირებული იქნება არა მხოლოდ სტატიის ტონით, არამედ ისიც გააკვირვებს თუ როგორ იშვიათადაა ნახსენები NATO. ბოლოს და ბოლოს, NATO კრემლის ყველა შეშფოთების წყარო არაა? რეალურად, NATO-ს მხოლოდ ერთი აბზაცი ეძღვნება.

ესეში წამოჭრილია სამი პრეტენზია. პირველი: დასავლეთს სურს დაყოფა რუსეთის "სამართავად" გამოიყენოს. მეორე: ყველაფერი, გარდა დიდი რუსეთის, პატარა რუსეთისა და თეთრი რუსეთის ერთი ერისა (ველიკარუსები, მალარუსები და ბელარუსები), რომლის ხატიც XVII საუკუნეში შეიქმნა, არის ხელოვნური კონსტრუქცია, რომელიც ეწინააღმდეგება ერთი ენისა და ეკლესიის, ერთი ხალხის სურვილს. მესამე: ვინც ამას არ ეთანხმება, ასე იქცევა რუსეთის მიმართ ზიზღისა და ფობიის გამო.

შეგვიძლია პირველი ბრალდება გამოვტოვოთ. არავის სურს რუსეთის მართვა. აშკარაა, რომ ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოში, ქვეყნის მოქალაქეებმა თავად უნდა განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. რუსეთის საკუთარი გაკვეთილები ისეთი კონფლიქტებიდან, როგორიც ჩეჩნეთი იყო, უნდა იყოს ის, რომ ეთნიკური და სექტარული კონფლიქტები ათასობით უდანაშაულო სიცოცხლის ფასი ჯდება და მთავარი მოქმედი გმირები ათწლეულების დაპირისპირებაში იძირებიან. 

რაც შეეხება უკრაინას, რუსეთმა თავად აღიარა მისი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, სუვერენიტეტი და მისი ტერიტორიული მთლიანობის გარანტია დადო, არა მხოლოდ 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმზე ხელმოწერით, არამედ თავად უკრაინასთან, 1997 წლის მეგობრობის ხელშეკრულებით. თუმცა, კრემლმა, და არა დასავლეთმა, დაიწყო აქ და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში განხეთქილების გაძლიერება. კარგად არის დოკუმენტირებული ГРУ-სა და რუსეთის სხვა სააგენტოების მრავალრიცხოვანი მცდელობები ჩარეულიყვნენ დემოკრატიულ არჩევნებსა და საშინაო უთანხმოებებში. "დაყავი და იბატონეს" პრინციპი მოსკოვის თავს ამშვენებს და არა NATO-ს. 

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკიცედ დაჯერებული პრეტენზია, რომ უკრაინა რუსეთია და რუსეთი უკრაინა, სათანადოდ წარმოდგენილი არაა. ისტორიაში უკრაინა რუსეთისგან იმაზე მეტ ხანს იყო განცალკევებული, ვიდრე გაერთიანებული. მეორე ბრალდებაა, რომ ყველა ხალხი ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში "ძველ რუსთა" შთამომავლები არიან და შესაბამისად ყველა რუსია. თუმცა, სინამდვილეში, როგორც ისტორიკოსი, პროფესორი ენდრიუ უილსონი RUSI-სთვის (Royal United Services Institute) დაწერილ არაჩვეულებრივ ესეში, სათაურით "რუსეთი და უკრაინა: ერთი ხალხი, როგორც ამას პუტინი ამტკიცებს?", წერს ისინი "ნათევსავები არიან, მაგრამ არა ერთი ხალხი". ანალოგიურად, დაახლოებით 900 წლისთვის ბრიტანეთი შედგებოდა მერსიის, უესექსის, იორკის, სტრატკლაიდისა და სხვა თანამედროვეობამდელი სამეფოებისგან, მაგრამ ეს იყო სამოქალაქო ერი შექმნილი ბევრი ხალხისგან, წარმომავლობისგან და ეთნიკური ჯგუფებისგან, რომლებმაც საბოლოო ჯამში გაერთიანებული სამეფო შექმნეს. 

თუ რუსეთის ისტორიის გადახედვას 1654 წლიდან დაიწყებთ და თვალს 1917-ზე შეაჩერებთ, მაშინ შეგეძლებათ ექსპანსიური რუსეთისთვის სასარგებლო არგუმენტის ფაბრიკაცია, ალბათ იმპერიამდელი რუსეთის ცარის დევიზთან ერთად: "ხელმწიფე მთელი რუსეთისა: დიდის, პატარისა და თეთრის", – შესაბამისად რუსეთი, უკრაინა და ბელარუსია. და რაც მთავარია [არგუმენტის ფაბრიკაციისთვის] უნდა დაივიწყოთ აქამდე და ამის შემდგომ არსებული ისტორია. არ უნდა მიაქციოთ ყურადღება საბჭოთა კავშირის არსებობას, რუსეთ-უკრაინის მეგობრობის ხელშეკრულების დარღვევასა და ყირიმის ოკუპაციას. დარწმუნებული ვარ დამეთანხმებით, რომ ეს ისტორიის სქოლიოებზე ბევრად მეტია. 

ბედის ირონიით, პრეზიდენტი პუტინი ესეში თავად აღიარებს, რომ "რაღაცები იცვლება: ქვეყნები და საზოგადოებებიც არაა გამონაკლისი. რა თქმა უნდა ზოგმა ხალხმა განვითარების პროცესში, რიგი მიზეზებისა და ისტორიული გარემოებების გავლენის შედეგად, შესაძლოა, დროის კონკრეტულ მონაკვეთში თავი განცალკევებულ ერად აღიქვან. როგორ უნდა მოვეკიდოთ ამას? მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: პატივისცემით!", თუმცა, ამის შემდეგ ის უგულებელყოფს ზოგ "ისტორიულ გარემოებას", რათა საკუთარ პრეტენზიებს მოერგოს. 

ეს სულ მცირე საეჭვოა და არანაირადაა ხედვა, რომელიც გაამართლებს ყირიმის ოკუპაციას (ისევე, როგორც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია 1783 წელს, 1774 წლის ქუჩუკ-კაინარჯის რუსულ-თურქული შეთანხმების დარღვევით), ან თანამედროვე უკრაინაში, როგორც დამოუკიდებელ სუვერენულ ქვეყანაში, მომდევნო შეჭრას.

დასავლეთის წინააღმდეგ ბოლო ბრალდება რუსეთის მთავრობაში არის ის, რომ ვინც კრემლს არ ეთანხმება, რუსოფობია. გვერდზე რომ გადავდოთ ГРУ-ს ოფიცრები, რომლებიც ბრიტანეთის ქუჩებში ნერვული სისტემის პარალიზებელ ნივთიერებებს იყენებენ, ან რუსეთიდან მომავალი ჰაკერული კიბერთავდასხმები და დაკვეთილი მკვლელობები, ეს (ბრალდება) სიმართლისგან მაინც ძალიან შორს იქნება.

რუსეთი და გაერთიანებული სამეფო იზიარებენ ღრმა და ხშირად ურთიერთმომგებიან ისტორიას. ჩვენი ალიანსებით შესაძლებელი გახდა ნაპოლეონის, შემდეგ კი ჰიტლერის დამარცხება. კონფლიქტს გარეთ, საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს ვუზიარებდით ტექნოლოგიას, მედიცინასა და კულტურას. მე-18 საუკუნეში რუსეთი და ბრიტანეთი ღრმად იყვნენ გადაჯაჭვული. 1704-1854 წლებში, პეტრე დიდის ეპოქიდან ეკატერინე დიდამდე და შემდეგ, მე-19 საუკუნეშიც რუსეთის სამეფო კარზე უმაღლეს საფეხურებზე შეხვდებოდით ბრიტანელ ადმირალებს, გენერლებს, ქირურგებსა და არქიტექტორებს. რუსული სამხედრო ფლოტის მამა – სემუელ გრეიგი ფაიფში, ინვერკითინგში დაიბადა. 

საერთო აღტაცება დღესაც არსებობს. ბრიტანეთის მთავრობა არაა უთანხმოებაში რუსეთთან და რუს ხალხთან, პირიქით, მაგრამ მას აწუხებს კრემლის მავნებლური საქმიანობა. 

ასე რომ, თუ თებერვლის ან იანვრის ერთ ცივ ღამესაც რუსეთის სამხედრო ძალები კიდევ ერთხელ გადავლენ სუვერენულ უკრაინაში, არ მიაქციოთ ყურადღება "საფრთხობელა" ნარატივებსა და "სატყუარა" ისტორიებს NATO-ს აგრესიის შესახებ. გაიხსენეთ თავად რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები გასული ზაფხულის იმ ესედან. გახსოვდეთ ეს და თქვენს თავს ჰკითხეთ, რას ნიშნავს ეს, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის ევროპაში. რა მნიშვნელობა ექნება მომდევნო ჯერზე...

კომენტარები