COVID-19

BBC: ომიკრონის შტამის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია ვაქცინის მესამე დოზა

BBC-ის ცნობით, Covid-19-ის ახალი შტამის, ომიკრონის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია მესამე დოზით ვაქცინაცია. 

პირველადი ბრიტანული კვლევის მიხედვით, ომიკრონისა და დელტა შტამების შედარების დროს, შემთხვევებმა აჩვენა, რომ ვაქცინები ახალი შტამის მიმართ ნაკლებად ეფექტიანები იყო. 

თუმცა, წინასწარი შედეგებით, ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა ადამიანთა 75%-ს Covid-19-ის ნებისმიერი შტამის სიმპტომებისგან აზღვევს.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ, ორგანომ, რომელმაც კვლევა ჩაატარა, ხაზი გაუსვა, რომ, ზემოხსენებულის მიუხედავად, ვაქცინები ინფიცირებულ აცრილებს Covid-19-ის გართულებისგან მაინც იცავს.

მეცნიერებმა შეისწავლეს და ერთმანეთს შეადარეს ომიკრონის 581 და დელტას ათასზე მეტი შემთხვევა, რათა გამოეთვალათ, თუ რამდენად ეფექტურია ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ. 

კვლევა შეზღუდულ რაოდენობაში ჩატარდა, თუმცა შედეგებმა აჩვენა AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობის მკვეთრი და Pfizer-ის ვაქცინის ეფექტიანობის შესამჩნევი დაწევა, ორი დოზით აცრილებში. 

მესამე დოზის მიღებით ომიკრონისგან დაცვა 75%-მდე იზრდება.

როდესაც ახალი შტამი, ომიკრონი გავრცელდა, არსებობდა შიში, რომ მრავალი მუტაციის მქონე ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინები ნაკლებად ეფექტიანი იქნებოდა.

რამდენიმე დღის წინ საკუთარი კვლევა გამოაქვეყნა Pfizer-მაც, რომლის მიხედვითაც, საკუთარი ვაქცინის 3 დოზა ომიკრონს ანეიტრალებს.

Pfizer-ის ცნობით, სპეციალურად ომიკრონის საწინააღმდეგო აცრა 2022 წლის მარტში იქნება მზად, თუმცა ახალი ვაქცინის შექმნამდე თავდაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ისევ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები რჩება.

ომიკრონი 50-მდე მუტაციას შეიცავს, მისი ცილოვანი სტრუქტურა კი – 30-ზე მეტს.

ექსპერტების ნაწილის შეფასებით, მისი არსებობა შემაშფოთებელია, რადგან სავარაუდოა, რომ მუტაციების სიჭარბემ ვირუსს გავრცელების შესაძლებლობები გაუზარდოს და იმუნურ სისტემაში შეღწევა გაუმარტივოს.

კომენტარები