ვაქცინაცია

ექიმი და ექთანი დამატებით 8 ლარს მიიღებს, თუ პენსიონერს დაარწმუნებს აიცრას

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კვირის ბოლომდე იგეგმება ოჯახის ექიმების და ექთნების წახალისების სქემის ამოქმედება, რაც გულისხმობს, რომ თუ ექიმი ან ექთანი 60 წელს ზემოთ ადამიანს დაარწმუნებს, აიცრას და მოქალაქეც აიცრება, მედიკოსები დამატებით ანაზღაურებას - პირველ და მეორე აცრაზე 8-8 ლარს მიიღებენ.  

"ოჯახის ექიმების და ექთნების წახალისების სქემა, პირველ რიგში, ითვალისწინებს იმას, რომ ოჯახის ექიმმა და ექთანმა ჩაატაროს კონსულტაცია და 60 წელს ზემოთ მოქალაქეს დეტალურად აუხსნას ვაქცინაციის სიკეთეები, გვერდითი მოვლენები და ა.შ. ამისთვის განსაზღვრული თანხა არის 20 ლარის ოდენობით, საიდანაც 80% უნდა მოხმარდეს ექიმის და ექთნის ანაზღაურებას, 20% კი შეიძლება დაიხარჯოს ადმინისტრაციულ რესურსზე. 

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე აიცრება, ექიმი და ექთანი მიიღებს ასანაზღაურებელი თანხის 50%-ს პირველი აცრის შემდეგ, მეორე აცრის შემდეგ კი მეორე 50%-ს", - თქვა გაბუნიამ.

კომენტარები