COVID-19

COVID-19-ის Mu ვარიანტი – რა ვიცით ვირუსის ახალი ვარიანტის შესახებ

ორშაბათს, 30 აგვისტოს, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19-ის ახალი Mu შტამი, რომელიც პირველად კოლუმბიაში დააფიქსირეს, ინტერესის ვარიანტად გამოაცხადა.

Mu ამ წლის იანვარში კოლუმბიაში აღრიცხეს. აგვისტოს ბოლოსთვის ის მინიმუმ 39 ქვეყანაში იყო გავრცელებული, თუმცა 2 სექტემბერს ცნობილი გახდა მეორმოცე ქვეყანა – იაპონია.

ამ ეტაპზე ვირუსის Mu ვარიანტზე, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა B.1.621, ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ჯანმოს ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ სიახლეებში ეწერა, არის ის, რომ ამ ვარიანტს შესაძლოა ჰქონდეს "მუტაციების ჯაჭვი, რომელიც მიუთითებს იმუნური სისტემისგან დასხლტომის პოტენციურ შესაძლებლობებზე". ანუ, პირვანდელ მონაცემებებზე დაყრდნობით, ჯანმოში ვარაუდობენ, რომ Mu ვარიანტს, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ბეტა ვარიანტის მსგავსად, შესაძლოა, შეეძლოს იმუნური სისტემისთვის გვერდის ავლა. შესაბამისად, ვინც ვაქცინირებულია, ან კორონავირუსი გადატანილი აქვს, ისინი შესაძლოა გამომუშავებულმა იმუნიტეტმა ზოგიერთ შემთხვევაში ვერ დაიცვას. ამ ვარაუდს ჯერ კიდევ დამტკიცება სჭირდება, როგორც ამას ხაზი ჯანმოს სიახლეებში ესმევა.

მას შემდეგ, რაც Mu ვარიანტი კოლუმბიაში, იანვარში აღმოაჩინეს, ის რამდენიმე რეგიონში გავრცელდა, მათ შორის სამხრეთ ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ევროპაში, ამერიკასა და ჰონგ კონგში. მსოფლიოს მასშტაბებით ამ ვარიანტით ინფიცირებულთა რიცხვი ყველა ინფიცირებულის მხოლოდ 0.1%-ს შეადგენს, თუმცა, არსებობს საშიშროება, რომ ის სამხრეთ ამერიკას მოედოს. ამ ეტაპზე კოლუმბიაში Mu ვარიანტი კოვიდინფიცირებულთა 39%-ს აქვს, ეკვადორში კი 13%-ს. 

მეცნიერები იკვლევენ, არის თუ არა Mu ვარიანტი დელტაზე უფრო მარტივად გავრცელებადი ან იწვევს თუ არა სიმპტომების გაუარესებას. ჯანმო სამხრეთ ამერიკაში დააკვირდება ამ ვარიანტისა და დელტას გავრცელების ტენდენციებს. 

დიდ ბრიტანეთში Mu ვარიანტის მინიმუმ 32 შემთხვევა დააფიქსირეს. სამედიცინო სააგენტოს, ინგლისის საჯარო ჯანმრთელობის (PHE) ანგარიშის მიხედვით, ინფიცირებულები უმეტესად ლონდონში ცხოვრობდნენ და 20-30 წლის იყვნენ. მათ შორის ზოგ ერთი, ან ორი დოზა ვაქცინაც ჰქონდა მიღებული. PHE-მ Mu გამოსაკვლევი ვარიანტების სიას ივლისში დაამატა. ჯერჯერობით, მას არ შეუქმნია საგანგაშო სიტუაცია, როგორიც ალფა და დელტა ვარიანტებმა გამოიწვია.

PHE-ს კვლევის მიხედვით, Mu ვარიანტი ვაქცინირებულთა იმუნიტეტის წინააღმდეგ მინიმუმ ისეთივე გამძლეა, როგორც ბეტა ვარიანტი. თუმცა მონაცემები საკმარისი არაა და საჭიროა მეტი ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული სამხილი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სახიფათოა Mu ვარიანტი, ესდამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაიზრდება მსოფლიოში მისით ინფიცირებულთა რაოდენობა, მაშინ, როცა ამ ეტაპზე დომინანტი ვარიანტი დელტაა.

Mu ვარიანტთან დაკავშირებული წუხილი რამდენიმე კონკრეტულ მუტაციას უკავშირდება. ერთი გენური ცვლილება, კერძოდ P681H ტიპის მუტაცია, რომელიც ალფა შტამშიც არსებობს, უკავშირდება ვირუსის სწრაფ გავრცელებას. სხვა მუტაციები, E484K-სა და K417N-ის ჩათვლით, შესაძლოა ვირუსს იმუნური სისტემისგან თავის არიდებაში დაეხმარონ.

ამჟამად ჯანმოს ინტერესის ვარიანტთა სიაში არის Covid-19-ის 5 შტამი, აქედან Mu ერთ-ერთია. ჯანმო  ვარიანტების ამ სიაში კლასიფიცირებას ახდენს, თუკი ვირუსს პოტენციურად სახიფათო მუტაციები გააჩნია და შესაძლოა მომავალში უფრო დიდი პრობლემები შექმნას. ასევე არსებობს შეშფოთების გამომწვევი ვარიანტების სიაც, რომელშიც ამჟამად მხოლოდ 4 შტამია შესული, მათ შორის ალფა და დელტა.

კომენტარები