ROKVA 2021

"ჯოჯოხეთში ვართ" – ფესტივალ ROKVA-ს ახალმა შეზღუდვებმა ასობით ათასი ლარის ზარალი მოუტანა

2019 წლის ფესტივალი ROKVA

12 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა, რომ 3 კვირის განმავლობაში ქვეყანაში ფესტივალების ჩატარება იკრძალება. ამ გადაწყვეტილებამ კი ჩაშალა ფესტივალი ROKVA, რომელიც რაჭის მუნიციპალიტეტში – შოვში 14-15 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, შესვლა მხოლოდ სწრაფი ან PCR ტესტების საშუალებით ხდებოდა და რომლისთვისაც ორგანიზატორები მინიმუმ 6 თვე ემზადებოდნენ.

"აბსოლუტურ ჯოჯოხეთში ვართ". – უთხრა ტაბულას ROKVA-ს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ქეთი რუხაძემ. მან მოგვიყვა, რომ ფესტივალების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ტელევიზორიდან გაიგეს, მათთვის წინასწარ არაფერი უცნობებიათ და პირიქით, უწყებები ჰპირდებოდნენ, რომ მოსალოდნელი შეზღუდვები კულტურულ ღონისძიებებს არ შეეხებოდა.

"წინასწარ არავის გავუფრთხილებივართ, ჩვენც ტელევიზიით გავიგეთ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება. მეტიც, პირიქით, გვეუბნებოდნენ, რომ შეზღუდვები კულტურულ ღონისძიებებს არ ეხებოდა და მშვიდად ვაგრძელებდით მუშაობას. ყველა მხარში გვედგა, ადგილობრივი უწყებებიც საქმის კურსში იყვნენ და ერთობლივი ძალებით ვაპირებდით ფესტივალის ჩატარებას მანამ, სანამ ახალი გადაწყვეტილება გაჟღერდა ხუთშაბათს. სადღაც ნახევარ საათში შეიცვალა ფესტივალის ბედიც და ყველა უწყების დამოკიდებულება ჩვენ მიმართ". – ამბობს ქეთი რუხაძე.

ფესტივალისთვის დაახლოებით 350 ადამიანი მუშაობდა, მონაწილეობას იღებდა 50-მდე არტისტი და ასევე, ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო სხვადასხვა საკვები ობიექტი და ბარი. შესაბამისად, ფესტივალის გაუქმების გადაწყვეტილებამ ორგანიზატორებს დიდი ფინანსური ზარალი მოუტანა და ქეთი რუხაძის თქმით, საუბარია, დაახლოებით, ასობით ათას ლარზე.

"ზარალი კიდევ დათვლის პროცესშია, ბოლოში ვერ გავედით (ასობით ათას ლარზეა საუბარი). აბსოლუტურ ჯოჯოხეთში ვართ". – გვითხრა მან.

გარდა უშუალოდ ფესტივალზე დასაქმებული ადამიანებისა, ზარალი ნახეს მათაც, ვინც სასტუმროები ან სახლები გააქირავეს ROKVA-ზე დასწრების მსურველებზე. 14 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრეც კი უკვე ძალიან რთული იყო თავისუფალი სასტუმროს ან სახლის მოძებნა, რადგან მათგან უმეტესობა გაქირავებული იყო.

"[ფესტივალზე] აქტიური მუშაობა 6 თვე მიმდინარეობდა. აქტიურში იგულისხმება დღე და ღამე, შაბათი და კვირა. ყველაფერი სხვა გადადებული გვაქვს გუნდს და მთლიანად ფესტივალზე ვართ კონცენტრირებულნი. ხან თბილისში ვართ, ხან რაჭაში და ღამით ვმგზავრობთ, რომ დილის საათები სამუშაოსთვის გზაში არ დავკარგოთ. დაახლოებით 350 ადამიანი მუშაობდა როკვაზე და მთელ რეგიონში თავისუფალი სასტუმრო აღარ იშოვებოდა. ყველაფერი გაუქმდა, მეწარმეების უმეტესობა, რომელსაც ეს შემოსავალი ზამთრის გასატანად, სესხების დასაფარად და შარშან მეწყრის გამო მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად  სჭირდებოდა, დარჩა უსახსროდ". – თქვა ქეთი რუხაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 26 ივლისს საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ჩაკეტვების ნაცვლად მათ აირჩიეს სხვა გზა - "ეპიდემიის მართვის გზა". ის ამბობდა, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებდა ახალ ჩაკეტვებს და არც ლოკდაუნი და არც შეზღუდვები არ იქნებოდა გამართლებული.

"უფრო მეტიც, ეს იქნება პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი თუ ლარი ვალის სახით, რაც, რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი". – ამბობდა პრემიერი ახალი შეზღუდვების გამოცხადებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე.

კომენტარები