ევროპული საქართველო

რას ამბობენ ევროპული საქართველოს წევრები, რომლებიც გენდერულ კვოტირებას ასაჩივრებენ

დღეს, 11 აგვისტოს, ევროპულმა საქართველომ სავალდებულო გენდერული კვოტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

მოსარჩელეები ევროპული საქართველო, პარტიის წევრი ქალები და ამომრჩევლები არიან. მათ ინდივიდუალური სარჩელები შეიტანეს. მათ ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი და იურისტი, გვანცა კვარაცხელია დაიცავს. 

მოსარჩელეები ამბობენ, რომ სავალდებულო გენდერული კვოტირება ქალებსა და კაცებს არათანაბარ პირობებში აყენებს და დისკრიმინაციულია.

ევროპული საქართველოს წევრის, ნინო თოდრიას თქმით, მას საკრებულოში ადგილის დამკვიდრება თავისი შრომითა და შესაძლებლობებით სურს, გენდერული კვოტირება კი ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

"პირადად მე ვარ შეურაცხყოფილი კვოტირებით, რადგან ყველა იფიქრებს, რომ სწორედ კვოტირების წყალობით მოვხვდი საკრებულოში. რეალურად კი მე ჩემი შრომით და შესაძლებლობებით ვცდილობ, დავიმკვიდრო ადგილი წარმომადგენლობით ორგანოში. 

უნდა გვახსოვდეს ისტორიიდანაც, რომ პირველი ქალი პოლიტიკოსები სულ რაღაც ექვსნი იყვნენ საქართველოში და ისინი მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ცდილობდნენ. გაუგებარია, თუკი ვფიქრობთ, რომ კვოტირებით გვარდება პრობლემა, მაშინ რატომ არ ითვალისწინებს ის სხვა მოწყვლად, უმცირესობაში მყოფ ჯგუფებს". – თქვა მან.

ერთ-ერთი მოსარჩელე, ელენე გვაზავა ამბობს, რომ გენდერული კვოტირება მას და კაცებს თანასწორ პირობებში არ აყენებს და სწორედ ამიტომ აპროტესტებს.

"საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ ქალი და კაცი თანასწორნი არიან. მე არ ვფიქრობ, რომ კვოტირება ჩვენ თანასწორ პირობებში გვაყენებს. ამიტომ, მე, რა თქმა უნდა, ამას ვაპროტესტებ, რადგან ის არის დისკრიმინაციული. მე [ქალებს] მინდა მოგცეთ სტიმული და გითხრათ, რომ თქვენ ხართ თანასწორები, არ ჭირდებათ არავის კვოტირება, თუ ჩათვლით, რომ უნდა იყოთ პოლიტიკაში ის, რომ ქალი ხართ ამის განმსაზღვრელი არ უნდა იყოს".–  თქვა მან.

კიდევ ერთი მოსარჩელეს, მართა ქარდავას თქმით კი, ევროპულ საქართველოში მიიჩნევენ, რომ სავალდებულო გენდერული კვოტირება ქალთა ემანსიპაციის შემაფერხებელი მდგომარეობაა.

"ჩვენ, ევროპული საქართველო, სავალდებულო გენდერულ კვოტირებას ქალთა ემანსიპაციის შემაფერხებელ გარემოებად მივიჩნევთ და ვასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში". – ამბობს ქარდავა.


2020 წლის 2 ივლისს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც მათ შორის, გენდერულ კვოტირებასაც მოიცავდა. ცვლილების მიხედვით, პარტიები ვალდებულები არიან, პროპორციულ სიაში ყოველი მე-4 კანდიდატი განსხვავებული სქესის იყოს. კვოტირებას მხარი მმართველმა გუნდმა, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭირეს. ცვლილებებს ევროპული საქართველო ეწინააღმდეგებოდა, ამას ფარისევლობად აფასებდა.

პარლამენტის ეს გადაწყვეტილმა პარტია გირჩმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა. თუმცა, ორმა მოსამართლემ, თეიმურაზ ტუღუშმა და ირინე იმერლიშვილმა განსხვავებული აზრი გამოხატა

განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად ეცნო სავალდებულო კვოტირების წესი. როგორც მოსამართლეები წერენ, კოლეგებმა საერთოდ არ შეაფასეს, რა გავლენას ახდენს სადავო რეგულირება ხალხის მიერ თავისუფალი არჩევანის რეალიზებაზე. 

კომენტარები