გერმანია

გერმანიამ ნამიბიაში კოლონიურ პერიოდში ჩადენილი მკვლელობები გენოციდად აღიარა

ჰერეროს ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის თავისქალა
Reuters

გერმანიამ 28 მაისს ნამიბიაში ჰერეროსა და ნამას ტომების ხალხის ხოცვა-ჟლეტაში საკუთარი წვლილის გამო ბოდიში მოიხადა. გერმანიამ 1904-1908 წლის მოვლენები პირველად გამოაცხადა გენოციდად და დათანხმდა ნამიბიაში მილიარდობით ევროს ღირებულების პროექტების დაფინანსებას. 

1904-1908 წლებში გერმანიის იმპერიის ჯარისკაცებმა ჰერეროს ტომის 65 000 და ნამას 10 000 წევრი დახოცეს, მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა კოლონიზატორების წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს. ამ მოვლენას გაერო და ზოგიერთი ისტორიკოსი XX საუკუნის პირველ გენოციდსაც უწოდებდა. 

აქამდე გერმანია მოვლენებში საკუთარ მორალურ პასუხისმგებლობას აღიარებდა, მაგრამ თავს არიდებდა გენოციდის აღიარებასა და კომპენსაციის გადახდას.

"ჩვენ ამ მოვლენებს დავუძახებთ იმას, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან არის: გენოციდი". – თქვა ჰაიკო მაასმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

"გერმანიის ისტორიული და მორალური პასუხისმგებლობის გამო ჩვენ ნამიბიასა და მსხვერპლთა შთამომავლებს შენდობას ვთხოვთ". – დაამატა ჰაიკო მაასმა. 

გერმანია დათანხმდა 1.1 მილიარდი ევროს ღირებულების რეკონსტრუქციებისა და განვითარების პროექტების დაფინანსებას, რაც, გერმანიის მხარის თქმით, კეთილდღეობას მოუტანს კონკრეტულად იმ საზოგადოებებს, რომლებზეც გენოციდმა გავლენა მოახდინა. 

XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში გერმანიის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე, სიდიდით მესამე კოლონიზატორი იყო ბრიტანეთისა და საფრანგეთის შემდეგ. 

2015 წელს გერმანიამ საკითხთან დაკავშირებით ნამიბიასთან ფორმალური მოლაპარაკებები დაიწყო. 2018 წელს გერმანიამ ნამიბიის მხარეს მსხვერპლთა თავის ქალები და ნეშტების ნარჩენები დაუბრუნა.

 

კომენტარები