ევროკავშირი

ევროკომისია: EU-ს ქვეყნებს აცრილებისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვების შემსუბუქებას ვთავაზობთ

ევროკომისია წევრ ქვეყნებს სთავაზობს არააუცილებელ მოგზაურობაზე შეზღუდვების შემსუბუქებას ვაქცინირებული ხალხისთვის, რომლებმაც ევროკავშირის მიერ ავტორიზებული ვაქცინები გაიკეთეს, რაც შესაძლოა მოიცავდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების სიაში წარმოდგენილ ვაქცინებსაც.

"კომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არააუცილებელი ვიზიტისთვის დაუშვან არა მხოლოდ ის ინდივიდები, რომელთა ქვეყნებშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესებულია, არამედ ის პირებიც, რომლებმაც ევროკავშირის მიერ ავტორიზებული ვაქცინების საჭირო დოზები მიიღეს. ამაში შესაძლოა იგულისხმებოდეს ის ვაქცინები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების სიაში არიან". – ვკითხულობთ ანგარიშში

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ეს შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც ავტორიზებული ვაქცინის ბოლო დოზა  ჩამოსვლამდე 14 დღით ადრე მიიღეს ან იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები დამატებით PCR ტესტს ან კარანტინსაც მოითხოვენ, ეს უნდა შეეხოს არაწევრ ქვეყნების მგზავრებსაც.

ეს, შესაძლოა, ძალაში შევიდეს ციფრული მწვანე სერტიფიკატის ამოქმედების შემდეგ, იმ წესებთან ერთად, რაც კომისიას 17 მარტს წარადგინა. უფრო ზუსტად, მგზავრებმა უნდა დაამტკიცონ მათი ვაქცინაციის სტატუსი ციფრული მწვანე სერტიფიკატის საშუალებით, რომელსაც გასცემს ევროკავშირის წევრი ქვეყანა ინდივიდუალურ დონეზე ან წარადგინოს ისეთი სერტიფიკატი, რომელსაც კომისია აღიარებს.

თუმცა, ციფრული მწვანე სერტიფიკატის  ამოქმედებამდე, კომისიის რეკომენდაციით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სერტიფიკატები არაწევრ ქვეყნებიდანაც უნდა ცნონ, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული სერტიფიკატის ვალიდურობა, ნამდვილობა და შესაბამისობა გადამოწმებადია. 

ამასთან ერთად, კომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შექმნან პორტალი, სადაც არაწევრ ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ სერტიფიკატების ატვირთვა ავტორიზაციისთვის. 

ბავშვებს, რომლებსაც ვაქცინაცია არ ეხებათ, შეუძლიათ მოგზაურობა აცრილ მშობლებთან ერთად, თუ მაქსიმუმ 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტი უარყოფითია. ამ შემთხვევაში წევრ ქვეყნებს შეუძლიათ ტესტის მოთხოვნა ჩამოსვლის შემდეგაც. 

ამჟამად არააუცილებელი ვიზიტი 7 ქვეყნიდან არის დაშვებული კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებით. ამ ქვეყნების სიას ევროკომისია ადგენს ეპიდემიოლოგიური კრიტერიუმებიდან გამომდინარე. 

ევროკომისიის რეკომენდაციას 4-5 მაისს ევროპული საბჭო განიხილავს. მას შემდეგ, რაც საბჭო ამ რეკომენდაციას დაამტკიცებს, მისი შესრულება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე იქნება დამოკიდებული.  

კომენტარები