აშშ-ს ანგარიში

რა სახის ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაცია გამოვლინდა საქართველოში – აშშ-ს ანგარიში

ენტონი ბლინკენი
CNN

30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში  გამოაქვეყნა ადამიანის უფლებების შესახებ მსოფლიოს ქვეყნებში, რომელშიც წელს განსაკუთრებული საკითხი გახდა COVID-19-ის პანდემიით შექმნილი გამოწვევები. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განხილულია საქართველოც და ის ძირითადი დარღვევები, რომლებიც გამოვლინდა ქვეყანაში. 

ანგარიშში ყურადღება ეთმობა რასობრივი დისკრიმინაციის და ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების საკითხებსაც, მათ შორის  საუბარია მარნეულში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც მარნეული-ბოლნისის რეგიონში კარანტინის გამოცხადების შემდეგ სახელმწიფო მოხელემ  Facebook გვერდის საშუალებით ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ დისკრიმინაცია წაახალისა.

ამასთან ერთად, სახალხო დამცველმა 2020 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, ეროვნებისა და ეთნოსის საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ 12 განცხადება მიიღო.

ანგარიშში ასევე ყურადღება ეთმობა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღმართვის კონტექსტში ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ ქსენოფობიის გამოვლენის შემთხვევებს, როდესაც მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა  გიორგი ჯამდელიანმა მარნეულის მერი გააკრიტიკა ბოლშევიკი მწერლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღდგენის გამო, რასაც მოჰყვა მისი მხარდასაჭერი, აგრესიული კამპანიები. შემდგომ ძეგლის გაუქმების მოთხოვნით კვლავ გაიმართა აქცია, რასაც კონტრაქცია მოჰყვა ადგილობრივი ახალგაზრდა აზერბაიჯანელების მხრიდან. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიცია უზრუნველყოფდა.

გარდა პირდაპირი აგრესიისა,  მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს სახელმწიფო ენის არასათანადო ცოდნაც. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ პრობლემის გამო, დაბალია ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობა და მათი წარმომადგენლობა ცენტრალურ ხელისუფლებაში.

რასობრივი დისკრიმინაცია გამოვლენილია საბანკო მომსახურებაშიც, როდესაც 2019 წელს ირანის, ერაყის, სირიის, ნიგერიის მოქალაქეებს უარი განუცხადეს საბანკო მომსახურებაზე, რაზეც ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია. არასამთავრობო ორგანიზაციები იმასაც ამბობენ, რომ რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლს იშვიათად შეაქვს სარჩელი, ვინაიდან არ არსებობს საკმარისი ცოდნა საკუთარი უფლებების შესახებ.

სახალხო დამცველმა ასევე განიხილა სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო რასობრივი დისკრიმინაციის საქმეები.  რამდენიმე განცხადება შეეხებოდა ციხეებში ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობასაც. 

ანგარიშში, ასევე, საუბარია ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკაზე, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს გალის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების, სომხების, სირიელების, ბერძების სამართლებრივ სტატუსს. მათ დახურეს ქართული სკოლები, გაათავისუფლებს ეთნიკურად ქართველი მასწავლებლები და მიზეზად დაასახელეს რუსულის არასათანადო ცოდნა. სახალხო დამცველის მიხედვით, გალისა და ოჩამჩრის რეგიონებში ეთნიკურად ქართველები სრულფასოვნად ვერ ფლობენ რუსულს, რის გამოც ეზღუდებათ განათლებაზე წვდომა.

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მსგავსად, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაც მოითხოვს ეთნიკურად ქართველებისთვის რუსულის ცოდნას.

ანგარიშში ასევე საუბარია, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის განგრძობით შემთხვევებზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის მოყვანილია აქტივისტი თამარ მეარაყიშვილის საქმეც, რომელსაც ეთნიკური ნიშნით დევნიდნენ.

კომენტარები